ჩინეთის სასამართლომ ყოფილ საჯარო მოხელეს 30 წლის განმავლობაში 2.2 მილიარდ იუანზე მეტის (325 მილიონი დოლარი) ოდენობის ქრთამის აღებისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
იან იულინი, რომელიც 1993-2023 წლებში ქალაქ ნანკინში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი მითვისებაში, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ფულის გათეთრებაში. მის მიერ უკანონოდ მოპოვებული თანხა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, 69 წლის ყოფილი მოხელე საკუთარ თანამდებობებს იყენებდა იმისთვის, რომ სხვებისთვის დახმარება გაეწია საინჟინრო კონტრაქტების მოპოვებაში, მიწის გადაცემასა და დაფინანსების მიღებაში, რის სანაცვლოდაც ფულსა და ძვირფასეულობას იღებდა.
იანის წინააღმდეგ გამოძიება პრეზიდენტ სი ძინპინის ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, რომელმაც სხვა სექტორებთან ერთად სამხედრო სტრუქტურები და საბანკო სფეროს მაღალი ეშელონები მოიცვა.
სასამართლომ განაცხადა, რომ იანმა, რომელმაც თავისი კარიერის დიდი ნაწილი ნანკინის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით მუშაობას დაუთმო, ჩაიდინა "უკიდურესად მძიმე ხასიათის" დანაშაულები და "განსაკუთრებით დიდი ზიანი მიაყენა სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს".
ეკონომიკური დანაშაულებისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი ჩინეთში იშვიათია. მსგავსი სასჯელი პერიოდულად გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება განსაკუთრებით დიდ თანხებს, რომლებიც 1 მილიარდ იუანს აჭარბებს.
მაგალითად, 2021 წელს სიკვდილით დასაჯეს ფინანსური სექტორის ყოფილი ხელმძღვანელი ლაი სიაომინი 10 წლის განმავლობაში 1.8 მილიარდი იუანის ოდენობის ქრთამის აღებისთვის.
შიდა მონღოლეთის ყოფილი მაღალჩინოსანი ლი ჯიანპინი კი 2024 წელს სიკვდილით საერთო ჯამში 3 მილიარდ იუანზე მეტი თანხის მითვისებისა და ქრთამის აღებისთვის დასაჯეს.
მრავალ სხვა შემთხვევაში, სასამართლოები გადაწყვეტილებას პატიმრობის ან პირობითი სიკვდილით დასჯის შესახებ იღებენ, რაც გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ უვადო პატიმრობით იცვლება.
სასამართლო ასევე ამსუბუქებს სასჯელს ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც მსჯავრდადებულებმა სხვა დამნაშავეების წინააღმდეგ ჩვენება მისცეს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ იანმა მსგავსი სახის დახმარება გაუწია საგამოძიებო ორგანოებს, მისი დანაშაულები იმდენად "მძიმე" აღმოჩნდა, რომ ეს თანამშრომლობა "არ იყო საკმარისი უფრო მსუბუქი სასჯელის გამოსაყენებლად" - განაცხადა ჩანჯოუს სასამართლომ.
სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, იანმა ბრალი აღიარა და "საბოლოო სიტყვაში სინანული გამოთქვა".




























