ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
სააგენტოს ცნობით, მათი მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გამოფენაში Fine Wine Hotel Exhibition მონაწილეობდა, რაც ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, ახალი პარტნიორების მოძიებასა და საექსპორტო პოზიციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
"ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში გამართულ გამოფენის Fine Wine Hotel Exhibition ფარგლებში ასევე გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი, რომელსაც ღვინის მაგისტრი ფონგი ვოკერი უძღვებოდა. ღონისძიებას 100-მდე სტუმარი, მათ შორის, ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს", - აღნიშნავენ სააგენტოში.
წელს, იანვარ-თებერვალში საქართველოდან ექსპორტზე 29.1 მლნ აშშ დოლარის 9 594 ტონა ღვინო გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38.4%-ით ნაკლებია. ჩინეთი მეხუთე ადგილს იკავებს 1.5 მლნ აშშ დოლარის 542.7 ტონა ექსპორტით.
2024 წელს კი ჩინეთში 9.2 მლნ დოლარის, 2 639 ტონა ღვინო გავიდა, რითაც ის მეხუთე უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი იყო.
ჩინეთში ღვინის მაქსიმალური ექსპორტი 2017 წელს დაფიქსირდა, 2022 წლიდან კი ტენდენცია კლებადია:
- 2013 წელი - $3.3 მლნ
- 2014 წელი - $4.7 მლნ
- 2015 წელი - $8.7 მლნ
- 2016 წელი - $14 მლნ
- 2017 წელი - $20.5 მლნ
- 2018 წელი - $19.8 მლნ
- 2019 წელი - $18.9 მლნ
- 2020 წელი - $13.3 მლნ
- 2021 წელი - $16.3 მლნ
- 2022 წელი - $12.5 მლნ
- 2023 წელი - $11.7 მლნ
- 2024 წელი - $9.2 მლნ