მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის შედეგები?

63c0ff01b6019
ვიქტორია მღებრიშვილი
13.01.23 11:39
833
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლისას დარღვევა 18 კომპანიის 30 ნიმუშში აღმოჩნდა, - ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გასულ წელს სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო ზედამხედველობა, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით, ღვინის 48 კომპანიაში განხორციელდა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობდა. ამ პროცესში სულ 972 ნიმუში იყო აღებული და დარღვევა მხოლოდ 30 ნიმუშში აღმოჩნდა.

„საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის, ქართული ღვინის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე აღნიშნული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას ზრდის“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში, ასევე განხორციელდა 243 საინსპექციო კონტროლი, რაც სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობდა. „აღებული იყო 624 ნიმუში. ამასთან, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების SGS და Bureau Veritas-ის მიერ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 200 ინსპექტირება განხორციელდა. საერთო ჯამში, ინსპექტირების ფარგლებში შეუსაბამობა 19 კომპანიის 33 ნიმუშში აღმოჩნდა.

საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ჩატარდა 280 დეგუსტაცია. სულ შემოვიდა 12 632 ნიმუში, აქედან 630 ნიმუში შეფასდა უარყოფითად.

ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე კონტროლის ფარგლებში, აღებულ იყო 125 ნიმუში, რომლებზეც ლაბორატორიული კვლევები მიმდინარეობს“, - ნათქვამია ღვინის სააგენტოს მიერ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების კონტროლის შედეგებში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან, შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელები სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარა. ამ დრომდე ადგილობრივ ბაზარზე სავალდებულო სერტიფიცირება მხოლოდ ადგილწარმოშობის ღვინოებსა და ჭაჭას ეხებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები