ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ღვინის ექსპორტის 6 თვის სტატისტიკა, რომელიც ოფიციალურად სტატისტიკის დეპარტამენტმა 19 ივლისს უნდა გაავრცელოს 4 დღით ადრე გამოაქვეყნა. თუმცა სააგენტოს მთავარი საექსპორტო ბაზარი, რუსეთი "გამორჩა".
უნდა აღინიშნოს, რომ 5 თვის მონაცემებით ექსპორტის 74.3% რუსეთში განხორციელდა. ამ ბაზარზე ღვინის გაყიდვის მაჩვენებელი 5 თვეში 51.2%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ 1-ელი მაისიდან, რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ზოგიერთ სახეობაზე, მათ შორის ღვინოზე აქციზი 3-ჯერ გაიზარდა.
BM.GE დაინტერესდა, როგორია სრული სურათი და ღვინის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა.
სააგენტოში გვითხრეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ სრული სტატისტიკა აქვთ მხოლოდ ქვეყნისთვის სტრატეგიული და განსაკუთრებულად მზარდი ბაზრები გამოაქვეყნეს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კი, საბაჟო და სტატისტიკის დეპარტამენტში გადაგვამისამართეს.
რაც შეეხება სააგენტოს გამოქვეყნებულ ინფორმაციას, ის შემდეგია:
"ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ევროპის ქვეყნებში და აშშ-ში.
2024 წლის 6 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 61 ქვეყანაში ექსპორტირებულია 54,5 მლნ ლიტრი, 156,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივმა 26%, ხოლო შემოსავლების ზრდამ 24% შეადგინა.
ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: პოლონეთი - 19% (3,1 მლნ ლიტრი), აშშ - 53% (654 ათასი ლიტრი), გერმანია - 34% (674 ათასი ლიტრი), დიდი ბრიტანეთი - 28% (182,5 ათასი ლიტრი), კანადა - 110% (121,3 ათასი ლიტრი), თურქეთი - 47% (239,2 ათასი ლიტრი) და ა.შ.
მსოფლიოს 45 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23,4 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 55% შეადგინა. სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან შემოსავლების სახით მიღებულია 132,8 მლნ-მდე აშშ დოლარი ( ზრდა 59%)", - წერია ინფორმაციაში.
სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით სპირტიანი სასმელების ექსპორტიც გაზრდილია. ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო, ჩვენთვის უცნობია, როგორია ბოლო 1 თვის მონაცემები და მოხდა თუ არა კარდინალური ცვლილება, თუმცა საქართველომ 2024 წლის 5 თვეში სპირტიანი სასმელების ექსპორტით 104.3 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 52.2%-ით მეტია. ზრდა, ძირითადად რუსეთის ხარჯზე მოხდა, სადაც ექსპორტი 212.7%-ით გაიზარდა. მასზე ექსპორტის წილის 55.6% მოდის.