მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთში საქართველოს მარკეტინგზე $3.2 მილიონი დაიხარჯება

ჩინეთი

ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარეული საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთის ბაზარზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის 3,252,080 აშშ დოლარის ღირებულების სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურების შესყიდვას გეგმავს - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენილი განაცხადიდან ხდება ცნობილი.

შესყიდვა ითვალისწინებს ინტეგრირებული კამპანიის განხორციელებას, რომელიც მოიცავს ციფრულ მარკეტინგს, საქართველოში ჩინური მედიის გაცნობით ტურებს, ბიზნეს-შეხვედრებს (B2B), საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და სხვადასხვა სარეკლამო აქტივობას. კამპანია ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას მედია პლატფორმებთან და აქტივობებს ჩინეთის მსხვილ ქალაქებში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი შესყიდვის განმარტებითი ბარათის თანახმად, ჩინეთი წარმოადგენს სტრატეგიულ და მზარდ ტურისტულ ბაზარს, სადაც საქართველოს ცნობადობის გაზრდა მიზნად ისახავს როგორც ტურისტული ნაკადების ზრდას, ისე უფრო მაღალმხარჯველი ვიზიტორების მოზიდვას.

პროექტის ფარგლებში იგეგმება ორწლიანი ხელშეკრულების გაფორმება საერთაშორისო კომპანიასთან. კამპანიის განხორციელების ვადად განსაზღვრულია 2026 წლის აპრილიდან 2027 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. ბიუჯეტიდან 2026 წელს დაახლოებით 1.48 მილიონი დოლარი, ხოლო 2027 წელს 1.77 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

შესყიდვა გამარტივებული წესით განხორციელდება. ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ მომსახურების სპეციფიკისა და ვადების გათვალისწინებით, ტენდერის პროცედურებმა შესაძლოა კამპანიის დაწყება და განხორციელება შეაფერხოს. მათი შეფასებით, მსგავსი მასშტაბის და შინაარსის პროექტებისთვის აუცილებელია მოქნილი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს ჩინეთიდან საქართველოში 127,895 ვიზიტორი იმყოფებოდა, რითაც რეიტინგში ქვეყნებს შორის მეათე ადგილი დაიკავა. შედარებისთვის, 2024 წელს ჩინეთიდან ვიზიტორთა რიცხვი 88,583-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები