2026 წლის 6 თვეში საქართველოს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2%-ით 1 მილიარდ 931 მილიონ დოლარამდე შეუმცირდა. მიზეზი მეორე კვარტალში დაფიქსირებული კლებაა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, უშუალოდ მეორე კვარტალში ქვეყანამ 1 მილიარდ 101 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით ნაკლებია. ამის მიზეზი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი იყო, რის გამოც ირანიდან ვიზიტორები თითქმის განახევრდა, ისრაელიდან კი 14%-ით შემცირდა.
მიმდინარე წლის 6 თვეშიც საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი რუსეთიდან მიიღო - ჯამში 307 მლნ დოლარი, შემდეგ მოდის თურქეთი 255 მლნ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ისრაელი 223 მლნ დოლარით.
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი შემოსავალი მივიღეთ:
- რუსეთი: $307.1 მლნ - კლება 0.23%;
- თურქეთი: $255 მლნ - კლება 1.35%;
- ისრაელი: $222.7 მლნ - კლება 8%;
- აზერბაიჯანი: $107.6 მლნ - მატება 5%;
- უკრაინა: $99 მლნ - მატება 42%;
რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, წელს ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველომ 335.6 მლნ მიიღო, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდზე 58.6 მლნ დოლარით, ანუ 21%-ით მეტია.




























