ჩინეთში, კუნმინის პროვინციაში, ლუანგის სამატარებლო სადგურის სიახლოვეს მომხდარმა სარკინიგზო კატასტროფამ 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. როგორც Rueters-ი იუწყება, ყველა გარდაცვლილი რკინიგზის სადგურზე მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, ელმავალი, რომელიც ლიანდაგებიდან გადავიდა, მიწისძვრის შეტყობინების სისტემის ეფექტიანობას ზომავდა და რკინიგზის სწორედ იმ მონაკვეთში გადავიდა ლიანდაგიდან, სადაც მკვეთრი მოსახვევი იყო.
აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით მომხდარი უმძიმესი კატასტროფაა. ცნობისთვის, ბოლო მასშტაბური ინციდენტი 2021 წელს მოხდა, როცა განსუს პროვინციაში მატარებლის ლიანდაგებიდან გადასვლისას 9 მუშა დაიღუპა. ხოლო XXI საუკუნეში ქვეყნის ყველაზე მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა 2011 წელს დაფიქსირდა, როცა სწრაფმავალი მატარებლის ლიანდაგებიდან გადასვლას ჟეიანში 40 ადამიანი ემსხვერპლა.
ინფორმაციისთვის, ჩინეთში სარკინიგზო ლიანდაგების სიგრძე 160,000 კილომეტრს შეადგენს და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებად ითვლება.




























