ჩინეთ-საქართველოს შორის სახმელეთო სატვირთო გადაზიდვების კვოტები იზრდება. ორ ქვეყანას შორის ჩინეთში მიღწეული შეთანხმებით ქართველი გადამზიდავებისთვის გამოყოფილი ახალი სანებართვო კვოტები 2025 წლიდან შევა ძალაში.
კერძოდ, როგორც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან გვაცნობეს, თუ 2024 წელს ორმხრივი ტრანზიტული ნებართვებისთვის 3000 ერთეული კვოტა იყო გამოყოფილი, მომავალი წლიდან ეს კვოტა 66%-ით გაიზრდება, 150%-ით იზრდება მესამე ქვეყანაში ან ქვეყნიდან ტვირთის ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილ კვოტა, რაც მიმდინარე წლისთვის 1000 ერთეულს შეადგენდა.
როგორც მიხეილ ნამადოვი, Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი bm.ge-სთან აცხადებს, ქართველი გადამზიდავები ჩინეთიდან ტვირთების გადაზიდვის ნებართვას წლებია ითხოვდნენ. წელს კი პირველი პრეცედენტი იყო, როცა ჩინურმა მხარემ საქართველოს შესაბამისი სატრანზიტო კვოტები განუსაზღვრა. ბიზნესი ამბობს, რომ ეს შესაძლებლობაა ქართველი გადამზიდავები ლოგისტიკული სერვისების ექსპორტიორები გახდნენ.
„კიდევ ერთი მიზეზი გადაზიდვების განვითარების არის სუეცის არხის კრიზისი. დღეს დაახლოებით 90-100 დღე სჭირდება ტვირთის ჩამოტანას ზღვით, ტარიფი საკმაოდ გაძვირებულია. ამ შემთხვევაში სახმელეთო გადაზიდვები ერთ-ერთი კარგი ალტერნატივა გახდა. პირველ რიგში ტარიფებმა დაიწია, ვინაიდან ჩვენ, ქართული კომპანიები გრძელვადიანი გეგმით ვუყურებთ როგორ ვვითარდებით.
აქამდე ვქირაობდით უცხოელ გადამზიდავებს, ახლა უკვე ჩვენს მანქანებს ვტვირთავთ ჩინეთში, მოსაზღვრე ქვეყნებში და შემოგვაქვს ტვირთები საქართველოში. კვოტების გაზრდა და მესამე ქვეყნებში განვითარება მოგვცემს საშუალებას, მოვახდინოთ ჩვენი ლოგისტიკური სერვისის ექსპორტი სამეზობლო ქვეყნებში და ეს თავისთავად განვითარების ახალ ეტაპს გვაძლევს, რადგან ყოველთვის ვიყავით ამ სერვისის იმპორტიორები და ახლა შანსი გვაქვს ეს მიმართულებაც ავითვისოთ.
წინა კვირის ტარიფები რომ შევადაროთ, დაახლოებით 30%-ით ძვირია სახმელეთო გადაზიდვა, თუმცა დროში იგებ და სამჯერ სწრაფად იღებ ტვირთს.
ჩინელი გადამზიდავები ჯერ არ შემოდიან საქართველოში. საკმაოდ სპეციფიკურია, მაღალი ცოდნა სჭირდება, მძღოლი უნდა იყოს განათლებული, ენებს უნდა ფლობდეს. ჩინეთში რთულია ყაზახური და ქართული ენის მცოდნე იპოვო. ამ თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა უფრო მეტ სარგებელს იღებს“-აცხადებს მიხეილ ნამადოვი.
აღსანიშნია, რომ ჩინეთი საქართველოსთან სატრანსპორტო სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას გეგმავს. ორი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთი საქართველოსთან ერთად ლოგისტიკური ცენტრების შექმნასაც განიხილავს.