მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ და ჩინეთმა სატვირთო გადაზიდვების შესახებ შეთანხმება გააფორმეს - რას ნიშნავს ეს?

ჩინეთი

„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ’’ გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს როგორც საქართველოში, ისე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში რეგისტრირებული გადამზიდველებისთვის ორმხრივი და ტრანზიტული გადაზიდვის კვოტების გაცვლას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებით ქართველ ლოგისტიკურ კომპანიებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოპერირება გაუმარტივდებათ.

„დღეიდან საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებს, რომლებსაც ტვირთი სახმელეთო გზით გადააქვთ, შესაძლებლობა მიეცათ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე პირდაპირი სატრანსპორტო ოპერაციები განახორციელონ. ეს ხელს შეუწყობს „შუა დერეფნის“ განვითარებას, ასევე წაახალისებს ქვეყნებს შორის ვაჭრობას და მნიშვნელოვნად გაზრდის ქართველი გადამზიდველების კონკურენტუნარიანობას ახალ ბაზრებზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, როგორც „შუა დერეფნის“, ისე საქართველოზე გამავალი სხვა სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. „ჩვენი მიზანია აღნიშნული სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებით, ხელი შევუწყოთ ქვეყნებს შორის შეუფერხებელ მიმოსვლას და დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას. მსგავსი ინიციატივები ქართველი გადამზიდველებისთვის და ექსპორტიორ-იმპორტიორებისათვის აჩენს ახალ შესაძლებლობებს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

2023 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის საავტომობილო/საზღვაო ტრანსპორტით გადაიზიდა დაახლოებით 528.9 ათასი ტონა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.1%-ით მეტია. პირდაპირი საავტომობილო მიმოსვლის განვითარება ხელს შეუწყობს აღნიშნული მაჩვენებლების კიდევ უფრო გაზრდას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები