"საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინტერესებს ემსახურება და არანაირად არ შეაფერხებს საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს - ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას” , - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის უმთავრესი ამოცანა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სტაბილურ განვითარებაზე და ეკონომიკურ გაძლიერებაზე ზრუნვაა. მისი თქმით, ამ მიზნების მისაღწევად, მთავრობა პრაგმატულ, შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას აწარმოებს და ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას იყენებს.
“ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს მიღებული ერთობლივი განცხადება არის დეკლარაციული ხასიათის და გამოხატავს მხარეთა სურვილს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. განცხადების თანახმად, საუბარია პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში, საერთაშორისო საკითხებში თანამშრომლობაზე, აგრეთვე რეგიონალური და გლობალური მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ერთობლივად უზრუნველყოფაზე", - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებაზე საუბრისას, მინისტრმა განაცხადა, რომ განცხადებაში განსაზღვრული 4 მიმართულება - პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობები და საერთაშორისო განზომილება - სრულ თანხვედრაშია პარლამენტის მიერ 2020 წლის დეკემბერში დამტკიცებულ „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ,“ რეზოლუციასთან, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოს ხელისუფლება ხელს შეუწყობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, საგარეო-ეკონომიკურ, სავაჭრო და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.“
ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მხარეთა მიერ დეკლარირებული მიზნები არ გულისხმობს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მოდიფიკაციას და სრულ შესაბამისობაშია საქართველოს განვითარების სტრატეგიასთან.
საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე „საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030“ დოკუმენტზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ნოემბერში დაამტკიცა და სადაც მითითებულია, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება. მინისტრის თქმით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გადაიდგმება ნაბიჯები ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც მსოფლიოს მეორე წამყვან ეკონომიკას წარმოადგენს. საქართველოს ამოცანა იქნება ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული პოზიტიური დინამიკის განვითარება.
ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ჩინეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე, შესაბამისად, ამ ქვეყანასთან ურთიერთობის გაღრმავება ყველა საერთაშორისო პარტნიორის პრიორიტეტია. მინისტრის ინფორმაციით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები დამყარებული და შესაბამისი შეთანხმება ხელმოწერილი აქვს 60-ზე მეტ ქვეყანას.
მისი თქმით, საქართველო და ჩინეთი პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მათ ურყევ და თანმიმდევრულ პოზიციას წარმოადგენს. „ორ ქვეყანას შორის დეკლარირებული სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის დაცვის პრინციპი კიდევ უფრო მყარი ხდება, რაც, გარკვეულწილად, პოზიტიურად იმოქმედებს სხვა ქვეყნების პოზიციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარებასთან დაკავშირებით.". - აღნიშნა საქართველოს პირველმა დიპლომატმა.
გლობალურ კონტექსტზე საუბრისას, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო, ისევე როგორც სხვა ქვეყნები და გაერო, მხარს უჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, არსებული რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რაც მდგრადი განვითარების უმთავრესი საწინდარია.
„ერთობლივ განცხადებაში მოხსენიებულ ინიციატივებს სწორედ ამ ჭრილში განვიხილავთ. ამასთან, მიგვაჩნია, რომ განცხადების დებულებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის თანმიმდევრულია იმდენად, რამდენადაც საუბარია გაეროს 2030 წლისთვის გაწერილი მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების დაჩქარების, ასევე ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე მშვიდობიანი და სტაბილური საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოსთვის, რეგიონში ქვეყნების საერთო განვითარების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ.“ - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ყურადღებით აკვირდება ჩინეთის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც მიმართულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ერთობლივი საინვესტიციო და ბიზნესპროექტების განხორციელებისკენ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ევროპული ქვეყნების თანამშრომლობას ჩინეთთან.