მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„[ჩინეთთან] სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებამ ჩვენს ურთიერთობებში ახალი თავი გახსნა“ - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულმა პარტნიორობის შეთანხმებებმა ქვეყნების ორმხრივ ურთიერთობებში ახალი თავი გახსნა. ამის შესახებ კობახიძემ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენა, დაარსების დღიდან გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა ვაჭრობის გაძლიერების, პარტნიორობის ხელშეწყობისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების პოპულარიზაციისთვის. როგორც კობახიძე მეთაურმა აღნიშნა, გამოფენა ხელს უწყობს უფრო ღია და მდგრადი გლობალური ეკონომიკის ჩამოყალიბებას.

„გამოფენა აგრძელებს ჩინეთის ერთგულების დემონსტრირებას საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და საერთო ზრდის მიმართ, ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით.

ჩინეთსა და საქართველოს ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებთ. სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებამ ჩვენს ურთიერთობებში ახალი თავი გახსნა. ერთად წავწიეთ წინ მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საერთო მიზნები, განსაკუთრებით სარტყელის და გზის ინიციატივის ფარგლებში. საქართველო სულ უფრო მეტად იძენს ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული დამაკავშირებლის როლს. ჩვენი თანამშრომლობა კვლავ იძლევა ხელშესახებ შედეგებს ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების სფეროში, ქმნის ახალ შესაძლებლობებს და აძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ მდგრადობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ საქართველო ჩინეთთან პარტნიორობის მტკიცედ ერთგული რჩება.

იმპორტის გამოფენაზე, სადაც განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით საქართველო და 40 ქართული კომპანია პირველად არიან წარმოდგენილნი ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს სურს კიდევ უფრო გააძლიეროს ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო, მოიზიდოს მეტი ინვესტიცია და გააღრმაოს თანამშრომლობა სექტორების ფართო სპექტრში. ამ კუთხით მან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

“ძლიერ ეკონომიკურ ფუნდამენტურ მახასიათებლებთან ერთად, საქართველოს ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ქვეყანას ჩინეთსა და ევროპას შორის მთავარ სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტად აქცევს, აძლიერებს რეგიონულ კავშირს და მხარს უჭერს მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობას.

საქართველო ჩინეთთან პარტნიორობის მტკიცედ ერთგული რჩება. გვსურს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო, მოვიზიდოთ მეტი ინვესტიცია და გავაღრმაოთ თანამშრომლობა სექტორების ფართო სპექტრში”, - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები