ჩინეთის მთავრობის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ჩინეთში, მთვარის ახალ წელს ტურისტული დანახარჯები გაიზარდა და პანდემიამდელ მაჩვენებლებსაც გადაასწრო.
კერძოდ, BBC-ის ინფორმაციით, ადგილობრივი ტურისტების დანახარჯმა 10 თებერვლიდან 8 დღის განმავლობაში რეკორდულ 632.7 მილიარდ იუანს (87 მლრდ აშშ დოლარი) მიაღწია, 47-ით უფრო მეტს, ვიდრე 2023 წელს ამავე დღესასწაულის აღნიშვნის პერიოდში.
წლევანდელი საახალწლო აღნიშვნა, მსგავსი მასშტაბით, პირველი იყო ჩინეთისათვის, მას შემდეგ რაც კოვიდპანდემიის გამო შეზღუდვები დაწესდა. შემოსავლებს ზრდა იმანაც განაპირობა, რომ ახალი წლის აღნიშვნა ერთი დღით გახანგრძლივდა.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, დრაკონის წლის დასაწყისში, 8-დღიანი დღესასწაულის პარალელურად, ჩინეთის მოქალაქეებმა 474 მილიონი ვიზიტი განახორციელეს, რაც 34%-ით მაღალია, ვიდრე პანდემიამდელ 2019 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა უწყებებმა სრული მონაცემები არ გამოაქვეყნეს, ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით, BBC იტყობინება, რომ თითოეული მოგზაურობის მანძილზე, ტურისტის საშუალო დანახარჯი 9.5%-ით ჩამორჩებოდა 2019 წლის საშუალო მაჩვენებელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი პროდუქტის მოხმარება კვლავ დაბალია.
დღესასწაული, რომელიც ჩინეთში “ზაფხულის ფესტივალის” სახელითაცაა ცნობილი, მიგრაციის მაღალი მაჩვენებლით ყოველ წელს გამოირჩევა. ტრადიციულად, ჩინური ახალი წლის ფარგლებში, მილიონობით ადამიანი დღესასწაულის ოჯახთან ერთად გასატარებლად საკუთარ მშობლიურ რეგიონს უბრუნდება. პოპულარული ხდება ტურისტული დანიშნულების პუნქტებიც.
კოვიდპანდემიის განმავლობაში მთვარის ახალი წლის მასშტაბური აღნიშვნა აკრძალული იყო, ფრენები კი გაუქმებული. შესაბამისად, წლევანდელ დღესასწაულზე მაღალი დანახარჯები მსოფლიოს რიგით მეორე უდიდესი ეკონომიკისთვის იშვიათად კარგი მაჩვენებელია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ჩინეთი ბოლო დროს ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.