მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინურ კონსორციუმთან ერთად გადავწყვიტეთ, პორტი 100%-ით სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩეს - მინისტრი

მარიამ ქვრივიშვილი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ე.წ. „ლენდლორდ მოდელზე“ (სადაც პორტის 100%-იანი მფლობელი სახელმწიფოა) გადასვლა საქართველოს მთავრობისა და ჩინური კონსორციუმის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა , მარიამ ქვრივიშვილმა bm.ge-ს ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რატომ ვერ მოხერხდა საბოლოო შეთანხმება ჩინურ კონსორციუმთან (CCCC), რომელმაც წინა ტენდერში მიიღო მონაწილეობა, და განიხილება თუ არა ამ კომპანიის ჩართვა პორტის განვითარების ახალ მოდელში.

მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, ჩინური კონსორციუმი წინა ტენდერის ფარგლებში ერთადერთი დაინტერესებული მხარე იყო, რის გამოც სახელმწიფოს მასთან აქტიური თანამშრომლობა ჰქონდა. ქვრივიშვილი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების პროცესში დღის წესრიგში დადგა საკითხები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უკავშირდებოდა.

„ჩვენი თანამშრომლობა, პარტნიორობა და მათ შორის მოლაპარაკებები გრძელდებოდა და კვლავ გაგრძელდება ძალიან პარტნიორულ და მეგობრულ რეჟიმში ჩინურ მხარესთან. ასევე შემიძლია დღეს ღიადაც ვთქვა, რომ ის შეთანხმება, რომელსაც მივაღწიეთ, ეს იყო ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილება.

იცით და ჩვენ ღიადაც ვსაუბრობდით, რომ იყო რამდენიმე ღია საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამდენად, ალბათ ასე შეიძლება დღეს ითქვას, რომ ერთად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის იქნება უფრო უპრიანი, მომხდარიყო აღნიშნული მოდელის ლენდლორდ მოდელზე შეცვლა“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა ჩინური მხარე ანაკლიის პორტის სატერმინალო ოპერირების განახლებულ მოდელში, ეკონომიკის მინისტრმა უპასუხა, რომ ეს მიმდინარე სამუშაო პროცესში გამოჩნდება, თუმცა სახელმწიფოს ამის სურვილი აქვს.

„რაც შეეხება, ვინ იქნება ახალ მოდელში ჩინური მხარის წარმომადგენელი, ამას ალბათ ჩვენ მიმდინარე სამუშაო პროცესში უფრო ნათლად დავინახავთ. მაგრამ კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, მინდა დავაფიქსირო ჩვენი დიდი სურვილი და მოტივაცია, რომ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ვიხილოთ ჩინური მხარის აქტიური ჩართულობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებაში და შემდგომ განვითარებაში“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის აპრილის ბოლოს ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის პორტის გენერალური გეგმის ალტერნატივების შეფასებისთვის დაიქირავა კომპანია PORT CONSULTANT ROTTERDAM-ი, რომელსაც პროექტის სრულად სახელმწიფოს მიერ განხორციელების ალტერნატივა უნდა შეეფასებინა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ სწორედ ეს ალტერნატივა აირჩია და პროექტის განხორციელებაში კერძო ინვესტორი აღარ იქნება ჩართული.

აქამდე არსებული პროექტით, სახელმწიფო პორტის 51%-ის მფლობელი იქნებოდა, ხოლო კერძო ინვესტორი - cccc პროექტში 49%-ით შევიდოდა. ახალი მოდელით პორტის 100%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, ხოლო პორტში არ იქნება რომელიმე ერთი კონკრეტული ინვესტორი, არამედ პორტში სხვადასხვა კომპანიები იოპერირებენ, რომლებიც სახელმწიფოსგან კონკრეტულ ნავმისადგომებს გრძელვადიანი იჯარით აიღებენ.

ანაკლიის პორტის აკვატორიაში ფსკერის დაღრმავების მიზნით, ასევე პორტის ტალღმტეხის მოწყობისთვის 2024 წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობასა და ბელგიურ კომპანია Jan De Nul-ს შორის გაფორმდა 204 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება. 2026 წელს კი ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ კონტრაქტორთან მოლაპარაკებების შედეგად პირველადი კონტრაქტის ღირებულების 52 მილიონი დოლარით შემცირებას მიაღწია. ამჟამად პორტში სწორედ აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები