მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინური BYD აზერბაიჯანში ავტობუსების ქარხანას ააშენებს

BYD / აზერბაიჯანი

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანია, ჩინური BYD კავკასიის რეგიონში ფართოვდება და აზერბაიჯანში ავტობუსების ქარხანას აშენებს. როგორც აზერბაიჯანის ეკონომიკური ზონების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სეიმურ ადიგოზალოვმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, ინფრასტრუქტურა უკვე აშენებულია, ხოლო საწარმოო ხაზს ავტომწარმოებელი კომპანია უახლოეს მომავალში მოაწყობს. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გასაჯაროებულა, მაგრამ ცნობილია, რომ BYD ქვეყანაში სულ მცირე $17 მილიონს დააბანდებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, BYD-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $106 მილიარდს აღემატება და ამ მაჩვენებლით ის ჩინეთში მე-18, მსოფლიოში 160-ე ადგილს იკავებს. საავტომობილო ინდუსტრიაში BYD-ის მეოთხე ადგილზე ვხვდებით, რადგან ჩინურ გიგანტს მხოლოდ სამი კომპანია უსწრებს, ესენია Tesla, Toyota და Xiaomi. ჩინურ და ზოგადად საავტომობილო გიგანტებს შორის BYD-ის წამყვან პოზიციებს ავტომობილების მიმზიდველი დიზაინი, ტექნოლოგიურობა და მრავალფეროვნება განაპირობებს, რადგან ამ კომპანიის საწარმოო ხაზში წარმოდგენილია, როგორც $10,000-იანი ჰეჩბეკი BYD Seagull-ი, ასევე $240,000-იანი სუპერქარი BYD U9, რომელსაც, სხვათა შორის, ადგილიდან ახტომა შეუძლია.

ცოტა ხნის წინ, BYD-მ 2025 წლის იანვრის გაყიდვების სტატისტიკა გამოაქვეყნა. წინა თვეში კომპანიამ 300,538 ელექტრომობილი გაყიდა, რაც, მართალია, ერთი წლით ადრე დაფიქსირებულ მაჩვენებელს თითქმის 50%-ით აღემატება. ჩინეთში, BYD უმეტესწილად ჰიბრიდული ავტომობილებითაა ცნობილი, რაც რიცხვებითაც დასტურდება. მიმდინარე წლის იანვარში, BYD-მ 171,069 მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილი გაყიდა, ანუ რეალიზაცია 78.7%-ით გაზარდა, როცა ელექტრომობილების გაყიდვებმა 125,377 ერთეული შეადგინა, რაც 19%-იანი ზრდაა.

მსუბუქი ავტომობილების გარდა, BYD-ის რიგებში კომერციულ ავტომობილებსაც ვხედავთ, რაც კომპანიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ, მაგრამ დღეს ნაკლებად მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. პრიორიტეტული ის იმიტომაა, რომ ამ ტიპის ავტომობილების რეალიზაციამ იანვარში წლიურად 763.3%-ით იმატა, მაგრამ თავად მაჩვენებელი მხოლოდ 4,092-ის ტოლია, რაც მიგვანიშნებს, რომ ამ მიმართულებაზე აქცენტს ჩინური კომპანია რამდენიმე წელიწადში გააკეთებს. თავად ეს ტენდენცია კი იმ რეალობას უკავშირდება, რომელიც მსოფლიოში კლიმატის ცვლილების გამო შეიქმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები