შანხაიში ბაზირებულმა ორმა სახელმწიფო საბროკერო კომპანიამ შერწყმის გეგმა წარადგინა, რაც $86 მილიარდის ღირებულების ახალი ფინანსური ინსტიტუტის ფორმირებას ითვალისწინებს. შანხაის საფონდო ბირჟაზე წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, Orient Securities-ი Shanghai Securities-ის აქციების 100-პროცენტიანი წილის გამოსყიდვას გეგმავს.
ექსპერტების შეფასებით, ამ ტრანზაქციით ჩინეთს უოლ-სტრიტთან კონკურენციაში მყოფი ძლიერი საინვესტიციო ბანკების შექმნა სურს, ამიტომაც მას სრული სამთავრობო მხარდაჭერა აქვს.
ფინანსურ სექტორში კონსოლიდაციის პროცესი მას შემდეგ დაჩქარდა, რაც 2023 წელს ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინ პინმა მარეგულირებლებს ინდუსტრიის მსხვილ მოთამაშეებად გარდაქმნისკენ მოუწოდა.
ქვეყნის ფასიანი ქაღალდების კომისიის სტრატეგიული გეგმა 2035 წლისთვის ორი ან სამი გლობალური მასშტაბის ბანკის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად, რომლებიც კონკურენციას Goldman Sachs-სა და Morgan Stanley-ს გაუწევენ. ანალოგიური ტენდენციის ფარგლებში, 2024 წელს უკვე შეიქმნა გიგანტი Guotai Haitong Securities-ი, ხოლო China International Capital-ი ორი მცირე კონკურენტის $16 მილიარდად შთანთქმას აპირებს.
ცნობისთვის, ორივე კომპანიის მსხვილი აქციონერები, Shenergy Group-ი და Bailian Group-ი, შანხაის სახელმწიფო ქონების მართვის ადმინისტრაციის საკუთრებაშია. მოსალოდნელია, რომ გაერთიანებულ კომპანიაში საკონტროლო პაკეტს კვლავ ჩინეთის მთავრობა შეინარჩუნებს.




























