ჩინურმა საფინანსო კომპანია Zhongzhi Enterprise-მა ინვესტორებს განუცხადა, რომ კომპანია ამჟამად გადახდისუუნაროა და მისი ვალდებულებების მოცულობა 65 მილიარდ დოლარს აღწევს.
კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ვალის დრამატული ზრდა იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ Zhongzhi-ს პორტფელის უდიდესი ნაწილი ჩინური უძრავი ქონებისგან შედგება, თავად ეს სექტორი კი ამჟამად კოლაფსის პირასაა.
როგორც ირკვევა, სახელმწიფო ბანკები კომპანიაზე დამატებით ვალდებულებას აღარ გასცემენ, არსებული ვალის გასასტუმრებლად და დეფოლტის თავიდან ასარიდებლად კი ინვესტორების მხრიდან დამატებითი თანხის მოზიდვაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიას გაკოტრების გამოცხადება მოუწევს.
Zhongzhi-ს დაღმასვლა იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ წლების განმავლობაში ის კრედიტებს ისეთ სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებზე გასცემდა, რომელთაც არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობა ჰქონდათ და მათთან ურთიერთობას ტრადიციული ბანკები ერიდებოდნენ, თუმცა Zhongzhi-ს ხელმძღვანელობა მაღალი საპროცენტო სარგებლის გამო დიდ რისკზე მიდიოდა, რამაც საბოლოოდ კომპანია ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.