მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინურმა სტარტაპმა Anthropic-სა და OpenAI-ს აჯობა?

kimi

ხელოვნური ინტელექტის სფეროში ამერიკულ და ჩინურ ტექნოლოგიებს შორის კონკურენცია სულ უფრო ინტენსიური ხდება. ამჯერად, ჩინურმა სტარტაპმა Moonshot-მა ახალი მოდელი Kimi K3 წარადგინა, რომელიც კომპანიის განცხადებით, ამერიკულ ანალოგებთან არსებულ ტექნოლოგიურ სხვაობას ამცირებს და გარკვეულ ტესტებში OpenAI-ისა და Anthropic-ის ყველაზე მძლავრ სისტემებსაც კი სჯობს.

ახალი მოდელი, რომლის ნეირონული ქსელიც 2.8 ტრილიონ პარამეტრს მოიცავს, ამ დროისთვის ჩინეთში შექმნილ უმსხვილეს AI-მოდელს წარმოადგენს.

როგორც ირკვევა, საერთო ეფექტიანობით Kimi K3 კვლავ ჩამორჩება Anthropic-ის Claude Fable 5-სა და OpenAI-ის GPT 5.6 Sol-ს, თუმცა ის სხვა გამოცდილ მოდელებს სტაბილურად სჯობს. კოდირებისა და ზოგადი აგენტების ტესტებში Moonshot-ის ახალმა მოდელმა Claude Opus 4.8-სა და GPT 5.5-ს გადაუსწრო.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ახალი მოდელის პრეზენტაციამ საფონდო ბირჟაზე ჩინური კონკურენტი კომპანიების აქციების ფასის კლება გამოიწვია. კომპანია Z.ai-ის აქციების ფასი, რომელმაც ივნისში ახალი მოდელი დიდი რეზონანსით წარადგინა, პარასკევს 28%-ით შემცირდა. კიდევ ერთი ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის, MiniMax Group-ის აქციების ფასი კი 16%-ით დაეცა. Bank of America-ს ანალიტიკოსების განცხადებით, Kimi K3 ჩინური მოდელების შესაძლებლობების მაქსიმუმს ზრდის, რაც სხვა დამოუკიდებელ ლაბორატორიებს კონკურენციას უმძიმებს.

რაც მთავარია, Kimi K3 გაცილებით იაფია, ვიდრე ამერიკული AI-მოდელები, რაც მის მიმართ ინტერესს განსაკუთრებით ზრდის.

ცნობისთვის, პეკინში ბაზირებული სტარტაპი Moonshot AI 2023 წელს დაარსდა და ის ჩინეთში მოდელების ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერია. Bloomberg-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში კომპანიამ $20 მილიარდზე მეტი შეფასებით $2 მილიარდის ინვესტიცია მოიზიდა, მისი მხარდამჭერები კი ჩინური ტექნოლოგიური გიგანტები Alibaba და Tencent არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები