გლობალურად ჩიპების წარმოების 32%-სთვის 2035 წლამდე, კლიმატის ცვლილების ფონზე, შესაძლოა, სპილენძის მარაგების მიწოდება 4-ჯერ უფრო მეტად შეფერხდეს, ვიდრე დღეს, და ამ მეტალის დეფიციტი გაჩნდეს - ამის შესახებ PricewaterhouseCoopers-ის (PWC) ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საკონსულტაციო კომპანიამ ბიზნესლიდერებს წარუდგინა.
ანგარიშის თანახმად, ჩილე, რომელიც სპილენძის მთავარი მწარმოებელია, უკვე ებრძვიან წყლის დეფიციტის პრობლემას, რაც წარმოების ტემპს ანელებს. 2035 წლისთვის კი, ჩიპების ინდუსტრიისთვის ამ მეტალის მიმწოდებელი 17 ქვეყნიდან უმეტესობა ასევე დადგება გვალვის გამოწვევის წინაშე.
პანდემიის გამო მოთხოვნის ზრდამ, რასაც საწარმოების გადატვირთვა მოჰყვა, გლობალურად ჩიპების დეფიციტი და საავტომობილო და ჩიპებზე დამოკიდებულ სხვა ინდუსტრიებში წარმოების შეფერხება გამოიწვია. PWC-ის ინფორმაციით, ამ დეფიციტის გამო, აშშ-ის ეკონომიკამ მშპ-ის ზრდის ერთი პროცენტული პუნქტი დაკარგა, გერმანიის ეკონომიკამ კი - 2.4%.
მოსალოდნელია, რომ 2035 წლისთვის ამ რისკებისგან სპილენძის მწარმოებელი არცერთი რეგიონი დაცული აღარ იქნება. საქმე ისაა, რომ სპილენძი იმ მილიარდობით მავთულის დასამზადებლად გამოიყენება, რომლებიც თითოეულ ჩიპშია ინტეგრირებული. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინდუსტრია მისი ალტერნატივის ძებნას დაიწყებს, ჯერჯერობით არ არსებობს ელემენტი, რომელიც ფასისა და ეფექტიანობის მიხედვით უფრო ღირებულია.
PWC-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ დროთა განმავლობაში ეს რისკები კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ტექნოლოგიური ინოვაცია კლიმატის ცვლილებას არ მოერგება და დაზარალებულ ქვეყნებში უფრო საიმედო წყალმომარაგებას არ უზრუნველყოფს. კერძოდ, კომპანიის გამოთვლებით, ჩილეში სპილენძის წარმოების 25% დღეს შეფერხებების რისკის ქვეშაა, ათწლეულის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 75%-მდე გაიზრდება, ხოლო 2050 წლისთვის 90-100%-მდე.




























