ქვეყანაში არსებული გაურკვეველი მდგომარეობის გამო, არაერთმა საერთაშორისო ინვესტორმა პროექტი შეგვიჩერა, - ამის შესახებ BM.GE-სთან ქართული ნუგბარის ნაირსახეობისა და პასკების მწარმოებელი კომპანია „ჩირჩხელას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა კვაჭანტირაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ექსპორტს ისრაელში გეგმავენ, სადაც პირველ ჯერზე 20 ტონა ჩირის ექსპორტი უნდა განახორციელონ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ისრაელი ევროპული იდეოლოგიის მატარებელია, მოსალოდნელია, რომ ექსპორტი შეფერხდეს.
„ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არის ძალიან ცუდი. ჩვენ უახლოეს მომავალში ექსპორტს ისრაელში ვგეგმავთ, რომელიც ევროპული ხედვის ქვეყანაა და საქართველოში „რუსული კანონის“ მიღების პროცესს ძალიან ცუდად უყურებს. ამიტომ, შესაძლებელია და არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ საექსპორტო აქტივობაზე გარკვეული გავლენა მოახდინოს.
გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა პროექტები ევროპელი ინვესტორებთან, მათგან რომლებისგანაც მკაცრი მოთხოვნა იყო, რომ შეგვეჩერებინა "რუსული კანონის" მიღება. მათ ჩვენთან თანამშრომლობა შეაჩერეს, რადგან ქვეყანა რუსეთისკენ იყურება.
მოლაპარაკებები მაქვს საერთაშორისო ინვესტორებთან, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი სურვილი, რომ საქართველოში შემოვიდნენ, თუმცა ვინაიდან საქართველოს აქვს რუსული კურსი, თავს იკავებენ“, - აცხადებს კვაჭანტირაძე.
მისივე ცნობით, თუ საქართველო ევროპულ ხედვებს განავითარებს და ევროპას "კი"-ს ეტყვის, ამ შემთხვევაში კომპანია საქართველოსთვის საინვესტიციოდ, ბევრ სასარგებლოდ პროექტს განახორციელებს. კვაჭანტირაძის პროგნოზით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა რუსეთისკენ წავა, საქართველოს ყველა ინვესტორი ჩამოშორდება.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ გერმანულ საწარმოსთან მემორანდუმი გააფორმა, სადაც "ჩირჩხელას" ტექნოლოგიითა და მენეჯმენტით, პროდუქციის შეუზღუდავი რაოდენობა უნდა იწარმოოს.