მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ჩირჩხელა“ საერთაშორისო ბაზარზე გასვლაზე მუშაობს

ჩირჩხელა

ქართული ტრადიციული ნუგბარი ჩურჩხელა საერთაშორისო ბაზარზე გასვლას ცდილობს. ბრენდი „ჩირჩხელა“ ნიუ-იორკში, 8-10 მარტს, კვების ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რესტორატორები, სავაჭრო ქსელები და კვების სექტორის წარმომადგენლები არიან შეკრებილი.

როგორც ბრენდის დამფუძნებელი ირმა კვაჭანტირაძე BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ამბობს, ამერიკის ბაზრისთვის ჩურჩხელა განსაკუთრებით საინტერესოა როგორც ქართული ტრადიციული პროდუქტი, თუმცა გამოფენაში მონაწილეობა ბრენდისთვის პირველ რიგში სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისა და ახალი პარტნიორების მოძიების შესაძლებლობას ქმნის.

მისივე თქმით, ამერიკაში ქართული დიასპორის არსებობის გამო ჩურჩხელა ქართველებისთვის უკვე კარგად ცნობილი პროდუქტია, თუმცა ამ შემთხვევაში მიზანი გაცილებით მასშტაბური ბაზრის ათვისებაა.

„ამერიკაში ძალიან ბევრი ქართველია და სადაც ქართველია, იქ ჩურჩხელა ყოველთვის აქტუალურია. თუმცა თუ ამას უფრო ფართო ბიზნესკუთხით შევხედავთ, ეს გამოფენა სწორედ ის პლატფორმაა, სადაც შეიძლება სავაჭრო ურთიერთობები განვითარდეს და ეს ყველაფერი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს“, – ამბობს კვაჭანტირაძე.

მისივე განმარტებით, კომპანია საერთაშორისო გამოფენებზე აქტიურად მონაწილეობდა უკვე წლების განმავლობაში – მათ შორის ჩინეთში, გერმანიაში, ჩეხეთში და სხვა ქვეყნებში. სწორედ ამ აქტივობების შედეგად დაუკავშირდნენ ნიუ-იორკში დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორები.

„ერთ დღეს, ღონისძიების ორგანიზატორი პირდაპირ დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ჩვენი პროდუქტი, როგორც ქართული ტრადიციული დესერტი ძალიან საინტერესო იქნებოდა ამ გამოფენისთვის, რადგან აქ ძირითადად რესტორნის სექტორი მონაწილეობს. ჩურჩხელა კი მათთვის შეიძლება ახალი გემო და დესერტი იყოს“, – ამბობს ის.

კვაჭანტირაძის თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც მსოფლიო სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები, ისე რესტორნების ქსელების ხელმძღვანელები, რომელთანაც ქართულმა კომპანიამ შეხვედრები უკვე გამართა.

მისივე ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში ჩატარდა პროდუქტის დეგუსტაციები და პრეზენტაციები, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

„აქ წარმოდგენილია მსოფლიო სავაჭრო ქსელების აგენტები და მათი პირველი პირებიც. ჩვენ შეხვედრები სწორედ მათთან გვქონდა. მაგალითად, დიდი ინტერესი გამოხატა ადგილობრივმა ებრაულმა ორგანიზაციამ. გვქონდა ცალკე შეხვედრა, სადაც გავაცანით ჩვენი პროდუქცია და ჩავატარეთ დეგუსტაციები“, – აღნიშნავს ის.

მისივე ინფორმაციით, კომპანიას განსაკუთრებით აინტერესებს კოშერული პროდუქციის (პროდუქტი მზადდება იუდაიზმის დიეტური კანონების დაცვით) მიმართულება, რადგან ებრაული ბაზარი ამ მიმართულებით საკმაოდ მოთხოვნადია.

კვაჭანტირაძე ასევე აღნიშნავს, რომ გამოფენა გამოირჩევა მასშტაბითა და ორგანიზებულობით. მისი თქმით, ღონისძიება სპეციალური აპლიკაციით იმართება, სადაც მონაწილეებს დეტალურად აქვთ გაწერილი ყველა შეხვედრა, ლოკაცია და პროგრამა.

„აპლიკაციაში მოცემულია ყველაფერი – ტერიტორიის გეგმა, რომელ ბლოკში ვართ განთავსებული, სად ტარდება საგანმანათლებლო შეხვედრები, სად გვაქვს ბიზნესშეხვედრები. ასეთი მასშტაბის ღონისძიების სხვანაირად მართვა წარმოუდგენელია“, – ამბობს ის.

გამოფენის ფარგლებში კომპანიას უკვე 21 შეხვედრა აქვს ჩანიშნული სხვადასხვა პარტნიორთან. კვაჭანტირაძის შეფასებით, ყველა შეხვედრა ხელშეკრულებად არ გადაიქცევა, თუმცა რამდენიმე წარმატებული შეთანხმებაც მნიშვნელოვანი შედეგი იქნება.

„21 შეხვედრიდან თუ 4-5 მაინც გადავა ხელშეკრულების ეტაპზე, ეს უკვე მაქსიმალური შედეგი იქნება ისეთი მცირე კომპანიისთვის, როგორიც ჩვენ ვართ“, – აღნიშნავს ის.

მისივე თქმით, კომპანიამ უკვე დაიწყო პროდუქტის შეფუთვისა და დიზაინის გადახედვაც, რადგან საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნები განსხვავებულია.

„გამოფენაზე სხვა პროდუქტებსაც გადავხედეთ და მივხვდით, როგორ უნდა მივაწოდოთ ბაზარს ჩვენი პროდუქტი. შესაბამისად, სავარაუდოდ გარკვეულ ტრანსფორმაციებს შევიტანთ შეფუთვაშიც“, – აღნიშნავს ის.

რაც შეეხება ხარისხის სტანდარტებს, კვაჭანტირაძის თქმით, კომპანიამ უკვე გააფორმა მემორანდუმი გერმანულ საწარმოსთან, რომელიც ISO სტანდარტების დანერგვაში დაეხმარება. ბრენდის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ „ჩირჩხელა“ საოჯახო ბიზნესია, რომლის განვითარებაში მისი მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

მისივე თქმით, მიუხედავად საერთაშორისო გეგმებისა, კომპანია ქართულ ბაზარზე საქმიანობას აგრძელებს, თუმცა მომავალ წლებში ექსპორტის მიმართულებით მეტი რესურსის ჩადებას გეგმავს.

ამასთან, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები გერმანიასთანაც და პროდუქტის ექსპორტი შესაძლოა ამ ბაზარზეც დაიწყოს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი, მიუხედავად საერთაშორისო ბაზარზე გასვლისა, შეინარჩუნოს ქართული ტრადიცია და ავთენტურობა. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, რომ შეფუთვიდან დაწყებული წარმოებამდე ყველაფერი ამ ღირებულებას შეესაბამებოდეს“, – აცხადებს ირმა კვაჭანტირაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები