კომპანია „ჩირინა“ მზესუმზირას ზეთის წარმოებას იწყებს, რისთვისაც ქარხანა უკვე აშენებულია, ხოლო ნედლეულის ჩაბარებას ფერმერებისგან გეგმავენ. ამის შესახებ "ჩირინას" დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ BMG-ის ეთერში, გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, საბჭოთა საქართველოში მზესუმზირას მოსავალი საკმაოდ მაღალი იყო, შესაბამისად ქარხნებიც აქტიურად მუშაობდა. დღეის მდგომარეობით, მზესუმზირას ზეთის წარმოება გაჩერებულია ან თუ ვინმე აწარმოებს, ასეთი ფაქტი იშვიათია.
„ჩვენ დაახლოებით თვეში 150-200 ტონა ზეთს მოვიხმართ. ამიტომ, ჩვენი ინტერესი საქართველოში მზესუმზირის ზეთის წარმოება და იმპორტირებულ პროდუქციაზე დამოკიდებულების შემცირებაა. ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა ჩვენთვის რუსეთია, თუმცა მაშინ, როდესაც რუსეთი დეფიციტს ქმნის, ქართულ ბაზარზე უკრაინული ზეთიც შემოდის ხოლმე.
მზესუმზირის სხვადასხვა ჯიშები არსებობს, თუმცა ჩვენ მაღალი ზეთის შემცველობის მზესუმზირა გვაინტერესებს. ეს არის სპეციალური ჯიშები, რომელსაც საქართველო არ აწარმოებს და უცხოეთიდან იმპორტირებული სახით შემოდის. მისი მოყვანისთვის, შეგვიძლია ამ ჯიშების 6000-8000 ტონამდე მზესუმზირის მარცვალი შევიძინოთ და იქიდან ზეთი დავამზადოთ. საშუალება გვექნება, რომ "ჩირინას" მოხმარებაც დავაკმაყოფილოთ და ასევე სხვა კომპანიების ინტერესებსაც მივაწოდოთ,“-აცხადებს ვაშაკიძე.
მისი ინფორმაციით, კომპანია მზესუმზირის მარცვლების შეძენას, საბაზრო ფასის შესაბამისად აპირებს.