მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ჩირინა“ სოსისისა და ძეხვეულის მწარმოებელი ქარხნის ამოქმედებას 2022 წლის გაზაფხულზე გეგმავს

60abbd278d404
ვიქტორია მღებრიშვილი
24.05.21 22:00
722
ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ საწარმოო პროცესს აფართოებს და სართიჭალაში სოსისისა და ძეხვეულის საწარმოს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება $5 მლნ-ია. საწარმოს მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.

„წარმოების გაფართოების პროექტი კომპანიის პირადი ფინანსური რესურსით, ასევე „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 5 მლნ დოლარია“, - უთხრა BM.GE-ს „ჩირინას“ დირექტორის მოადგილემ, ქეთი ვაშაკიძემ.

მისივე თქმით, საწარმოს მშენებლობა 2021 წლის ბოლოსთვის დასრულდება, ხოლო მისი ამოქმედება 2022 წლის მეორე კვარტალში იგეგმება.

„საწარმოს დაგეგმილი დღიური წარმადობა 8-10 ტონა იქნება და შესაბამისად „ჩირინა“ მომხმარებელს სოსისებს, ძეხვეულობასა და შაშხს შესთავაზებს. ქარხანა ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და მასში მაქსიმალურად იქნება ბიოუსაფრთხოების ნორმები დაცული, ასევე ტექნოლოგიური პროცესი სრულად დასავლურ ტექნოლოგიურ ციკლზე იქნება აწყობილი. კომუნიკაცია გვაქვს სხვადასხვა წარმოებასთან გერმანიაში, რათა თანამედროვე და კარგი საბოლოო პროდუქტი შეიქმნას. ძირითადი ნედლეული ქათმის ხორცი იქნება, თუმცა რეცეპტურაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს“, - განმარტა ქეთი ვაშაკიძემ.

მისივე ინფორმაციით, საწარმოში დაახლოებით 30-40 ადამიანი დასაქმდება. ამ ეტაპისთვის კი „ჩირინა“ 500-მდე ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები