მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩიზუკა" ყველის წარმოების 50%-იან ზრდას გეგმავს

ჩიზუკა

წალკის რაიონის სოფელ სანთაში მოქმედი ყველის საწარმო "ჩიზუკა" 2025 წელს წარმოების 50%-იან ზრდას გეგმავს.

კომპანიის დამფუძნებელი ვიკა იობიძე BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ გაზრდილი მოთხოვნის ფონზე წარმოების გაფართოება გარდაუვალი გახდა. გარდა ამისა, კომპანიამ ასორტიმენტში ახალი სახეობები დაამატა, მათ შორის ლავანდის ყველი.

"მოთხოვნა 2025 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, წარმოების ზრდის საჭიროება გამოიკვეთა", - ამბობს იობიძე. მისი თქმით, 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, კომპანიამ ფერმაში 30%-ით მეტი პროდუქცია აწარმოვა, თუმცა ცნობადობის ზრდამ მოთხოვნა კიდევ უფრო გაზარდა და იმის ფონზე, რომ “ჩიზუკამ” მარაგების დროულად შევსება ვერ მოახერხა, არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელი გახდა.

მიწოდების პრობლემის ერთ-ერთ მიზეზად იობიძე თურქული დაავადების გავრცელებას ასახელებს, რომელმაც ფერმას მოთხოვნის დაკმაყოფილებაში ხელი შეუშალა.

“ეს არის საქონლის დაავადება, რომლის დროსაც ანტიბიოტიკის გამოყენებაა საჭირო და შედეგად რძე ფაქტობრივად უსარგებლო ხდება. მიუხედავად იმისა, რომ საქონელი იყო აცრილი, მაინც გამოჩნდა ახალი შტამის დაავადება და, ფაქტობრივად, მარაგების შევსება ვერ შევძელით. მოთხოვნა ძალიან მაღალი იყო და მიწოდებას ვერ ვახერხებდით. წელს, იმედი გვაქვს, რომ მარაგებს უფრო კარგად შევავსებთ“, - აცხადებს მეწარმე.

მისი ინფორმაციით, ვინაიდან მიმდინარე წელს წარმადობის ზრდაა დაგეგმილი, კომპანია პირუტყვის შეძენას სხვადასხვა ქვეყნიდან გეგმავს: „სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოგვყავს ხოლმე პირუტყვი - ესტონეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, რის შემდეგაც, ახალი ჯიშების გამოყვანა ხდება, ანუ ადგილობრივ გარემოზე მორგებული რომ იყოს. შესაბამისად, წელსაც, რამდენიმე სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 50 სულის შემოყვანას ვაპირებთ და ჯამში, დაახლოებით ალბათ 100-150-მდე ავალთ“, - ამბობს „ჩიზუკას“ დამფუძნებელი.

„ჩიზუკა“ ყველის წარმოების საოჯახო ბიზნესის შვილობილი კომპანიაა, რომელიც წალკის რაიონის, სოფელ სანთაში ჯერ კიდევ 1996 წელს დაიწყო. ქართულ ბაზარზე ახალგაზრდა მეწარმის პროდუქცია "ჩიზუკას" სახელით 3 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიას საკუთარი ფერმა აქვს და ასევე, რძეს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს. "ჩიზუკას" ყველი იყიდება ონლაინ და ასევე, რამდენიმე სავაჭრო ქსელში, მათ შორის, "ფრესკოში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები