მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების შესახებ ინფორმაცია მედიისგან შევიტყვე - ლევან იზორია

ლევან იზორია

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე არ ჰქონდა ინფორმაცია და საგუშაგოს განთავსების შესახებ მედიის საშუალებით შეიტყო. როგორც მან ჟურნალისტებთან პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, ეს საკითხი არც უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში განხილულა.

„ძირითადი კითხვა იყო, ვიყავი თუ არა ინფორმირებული ჩორჩანას ეპიზოდზე. ჩემი პასუხი იყო, რომ მე არ მქონია ინფორმაცია, არც ფორმალური და არც არაფორმალური გზით. უსაფრთხოების საბჭოს ფორმატშიც ასეთი საკითხი არ განხილულა“, — თქვა იზორიამ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში თავდაცვის მინისტრის სტატუსით უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი იყო, 2019 წლის 1-ლი მაისის შემდეგ საბჭოს სხდომა არ ჩატარებულა.

„უსაფრთხოების საბჭოს წევრს შეუძლია საკუთარი ინიციატივით მოითხოვოს სხდომა. მახსენდება მხოლოდ ერთი სხდომა 2019 წლის 1-ელ მაისს, რომელიც ორგანიზაციულ საკითხს შეეხებოდა. ჩორჩანას თემაზე სხდომა არ ყოფილა“, — განაცხადა მან.

იზორიას თქმით, საგუშაგოს განთავსებიდან რამდენიმე დღეში ის თავდაცვის მინისტრის პოსტზე აღარ იყო, ხოლო ნოემბერში უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დაინიშნა. ის აღნიშნავს, რომ ჩორჩანას მსგავსი თემები პრემიერ-მინისტრისა და უსაფრთხოების სამსახურების კომპეტენციაში შედის და ამ შემთხვევაში არც შესაბამისი კოორდინაცია და არც განხილვა არ ყოფილა.

„ეს თემა არ იყო თავდაცვის უწყების კომპეტენცია — ეს იყო საპოლიციო მოქმედების სფერო. სამწუხაროდ, მიღებული გადაწყვეტილების შედეგად სავალალო შედეგი მივიღეთ“, — თქვა მან.

მისი განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს საფუძვლიან პოლიტიკურ და უსაფრთხოების შეფასებას.

ცნობისთვის, საქმეზე გამოძიება 2019 წლის 24 აგვისტოს ჩორჩანაში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილებას უკავშირდება. პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთი შესწავლის საგანი ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას იმ დროინდელი ქმედებებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები