მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩქაროსნული მაგისტრალის 27 მონაკვეთზე სადაც საგზაო შემთხვევები ხშირად ხდება, სამინისტრო €16 მილიონის სამუშაოებს ჩაატარებს

კახეთის მაგისტრალი

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე და მის მიმდებარედ, 2 კმ-ის რადიუსში, არსებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მაღალი კონცენტრაციის ადგილების (ე.წ. შავი წერტილების) აღმოფხვრისა და გაუმჯობესების მიზნით, გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი - ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 27 მონაკვეთზე განხორციელდება საგზაო მოძრაობის გაუმჯობესებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, მათ შორის: ლითონის მრუდხაზოვანი ძელების მონტაჟი; წრიული მოძრაობებისა და უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა; ამაღლებული ქვეითთა გადასასვლელებისა და ტროტუარების მოწყობა; საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნის განახლება და სხვა სამუშაოები.

პროექტზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა და ის ორ ლოტს მოიცავს. პირველ ლოტზე კომპანიებმა უნდა წარადგინონ ბოლო 3 წლის განმავლობაში არანაკლებ 6.5 მილიონი ევროს საგზაო სამუშაოების ჩატარების გამოცდილება, მეორე ლოტზე კი მინიმალური გამოცდილების მოთხოვნა 3 მილიონი ევროა.

პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტით, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).

კომპანიებს 2025 წლის 3 დეკემბრამდე შეეძლებათ წინადადებების წარდგენა.

პროექტის აღწერასა და სატენდერო დოკუმენტაციაში არაა მითითებული უშუალოდ რა ლოკაციებზე იგეგმება აღნიშნული სამუშაოების ჩატარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები