მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და მსოფლიო ბანკმა, ჩრდილოეთ მაკედონიის ქვანახშირის ენერგიაზე დამოკიდებულების შესამცირებლად 4 მილიარდი ევროს ღირებულების გეგმას დაუჭირეს მხარი - ამის შესახებ EBRD-ის ხელმძღვანელმა Reuters-ს განუცხადა.
შეთანხმება, რომლის შესახებაც ოფიციალურად COP28 კლიმატის სამიტზე გახდება ცნობილი, ჩრდილოეთ მაკედონიაში არსებული ქვანახშირის ორი ელექტროსადგურის, 1.7-გიგავატიანი განახლებადი ენერგიის სადგურებით ჩანაცვლებას მოიცავს.
“ჩრდილოეთ მაკედონიაში ნახშირბადი ელექტროენერგიის 40%-ის გამომუშავების წყაროა, რაც საკმაოდ დიდი მონაცემია. აღნიშნული გეგმა ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რისი ხაზგასმაც გვინდა კლიმატის სამიტზე: ჩვენი მიდგომის ჩვენება და რა შედეგი შეიძლება, ამას მოჰყვეს”, - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა, ოდილ რენო-ბასომ.
გაერომ ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე 2018 წელს ევროპის ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად გამოაცხადა. ქვეყანა წლებია ცდილობს, ნახშირბადზე დამოკიდებულების შემცირებას, თუმცა 2021 წლიდან ჩრდილოეთ მაკედონიაში თავიდან ამოქმედდა ქვანახშირის სადგური, რათა ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტი შემცირებულიყო. ამჟამად, ჩრდილოეთ მაკედონიაში არსებული ორივე ელექტროსადგური მოძველებულია და განსაკუთრებულად აბინძურებს ატმოსფეროს.
EBRD-ის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ გარდა 300-400 მილიონი ევროს შეღავათიანი სესხისა, ჩრდილოეთ მაკედონიაში ინვესტიციას სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია და კერძო სექტორიც ჩადებს.