კომპანია „ორბიში“ აცხადებენ, რომ ბახმაროში წარმოდგენილი 350-ნომრიანი სასტუმროს გარდა, სხვა ტიპის კომპლექსის მშენებლობას არ განიხილავენ. მიზეზი ტერიტორიაზე თავისუფალი მიწების არარსებობაა.
რაც შეეხება მათ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიას, კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე ამბობს, რომ წარდგენილი პროექტით კოეფიციენტი უკვე სრულად ათვისებულია, რაც სამომავლოდ რაიმე ტიპის მშენებლობას გამორიცხავს.
„უკვე ყველა კოეფიციენტი, რომელიც ამ ტერიტორიებზე იყო მიკუთვნებული, როგორც ინტენსივობის, ასევე K1 კოეფიციენტის კუთხით. გამოყენებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მიწის ნაკვეთზე რაიმე ტიპის მშენებლობა დამატებით შეუძლებელია. მეორე მხარეა ის, რომ ჩვენ სახელმწიფოსთან ასევე ვფიქრობთ, რომ ყველა ის შესაძლო ხვრელი, რომელიც ბახმაროს შემდგომი განვითარების რისკის მატარებელი შეიძლება იყოს, ამოვავსოთ. ამიტომ ჩვენ უახლოეს მომავალში სივრცითი დაგეგმარების სააგენტოსთან ერთად ვხსნით ფართო მსჯელობას სწორედ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბახმაროში არ მოხდეს ქაოსური განაშენიანება.
თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ აუცილებელი მიზიდულობის ცენტრი ბახმაროს სჭირდება ორივე პირობებში, თუ ის კოჯეტურად ან სხვა ტიპის განაშენიანებით განვითარდება.
ჩვენ ამ ტერიტორიის განვითარების იქით ფიზიკურად ვერ წავალთ. აღარ არის მიწის ნაკვეთი, სადაც ეს შესაძლებელია. ყველა არის 50-100კვ.მ და ყველა კერძო საკუთრებაში, ამიტომ ფიზიკურადაც და თეორიულადაც გამორიცხულია იქ რაიმე სხვა ტიპის მშენებლობაზე ვისაუბროთ, შესაბამისად შიშები აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
მესმის იმ ადამიანების, ვისაც თავისი შეხედულება აქვს, მაგრამ კურორტი 100 წელზე მეტს ითვლის და ამ დროის განმავლობაში ვერ მოხერხდა ვერც კოტეჯური ტიპის განაშენიანება, ვერც ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, ვერც მნიშვნელოვანიო ტურისტული ნაკადების მიღება. ამის მიზეზია ის, რომ ვერ გადაიდგა პირველი სალოკომოტივო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯი“, - განაცხადა BMG-თან ინტერვიუსას ირაკლი კვერღელიძემ.