მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, მაგრამ გვაქვს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა ობიექტური საერთაშორისო კვლევა საქართველოს ეფექტიან მართვასა და ეკონომიკურ პოლიტიკას სათანადოდ აფასებს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც უპასუხა კითხვას ევროპის პარლამენტის კვლევითი ორგანიზაციის შეფასებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველო ეკონომიკური კრიზისებისადმი მედეგობის თვალსაზრისით მსოფლიოს ტოპ სამ ქვეყანას შორის დასახელდა.

კობახიძის თქმით, სადაც შეფასებები ობიექტურად კეთდება, ყველგან აღიარებულია საქართველოს განსაკუთრებული ეფექტიანობა, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით.

„ყველა ობიექტური კვლევა საქართველოს სათანადოდ აფასებს. სადაც კეთდება ობიექტური შეფასებები, იქ ყველა აღიარებს საქართველოს განსაკუთრებულ ეფექტიანობას. ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით და სწორედ ამის გამოხატულებაა ის რეიტინგები, რომლებიც ქვეყნდება ხოლმე“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ საქართველო ეფექტიანობისა და კრიზისებისადმი მედეგობის თვალსაზრისით საუდის არაბეთსა და ნორვეგიას შორისაა დასახელებული, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები ნავთობით მდიდრები არიან, ხოლო საქართველოს მსგავსი ბუნებრივი რესურსი არ გააჩნია.

„თავისთავად ის, რომ საუდის არაბეთსა და ნორვეგიას შორის არის მოქცეული ჩვენი ქვეყანა ეფექტიანობის თვალსაზრისით და კრიზისების მიმართ მედეგობის თვალსაზრისით, ესეც ძალიან საინტერესოა. იცით, რომ ორივე არის ნავთობით მდიდარი ქვეყანა, ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, მაგრამ გვაქვს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ვინარჩუნებთ ეკონომიკურ სტაბილურობას მიუხედავად არაერთი კრიზისისა, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩვენს გარშემო განვითარდა“, – აღნიშნა მან.

პრემიერის განცხადებით, საქართველომ ეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა როგორც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ისე ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მძიმე კრიზისის ფონზე.

მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა გავლენა მოახდინა ტურიზმსა და სხვა სექტორებზე, თუმცა საქართველომ ალტერნატიული რესურსების ეფექტიანად გამოყენება შეძლო, რის შედეგადაც ეკონომიკური ზრდის ტემპი არ შენელებულა.

„ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული კრიზისი პირდაპირ აისახა მათ შორის ტურიზმზე, სხვადასხვა სექტორზე, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ მოვახერხეთ ალტერნატიული რესურსების სწორად გამოყენება და შესაბამისად არ შენელებულა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის საერთო სტაბილურობას და მათ შორის კონკრეტულად ეკონომიკურ სტაბილურობას და უსაფრთხოებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები