მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები რუსეთისგან - სალომე ზურაბიშვილი

645b907e8a616
ვიქტორია მღებრიშვილი
10.05.23 16:48
757
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთავრობას უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესებისკენ მოუწოდებს. ეს განცხადება პრეზიდენტმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, რომელზეც რუსეთის მიერ ავიაემბარგოს მოხსნისა და ვიზების გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას პროვოკაცია უწოდა და თქვა, რომ რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდდამხოლოდ ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს პასუხობს და საქართველოს ინტერესებსა და ღირსებას ეწინააღმდეგება.

„რას ემსახურება ეს პროვოკაცია, შესაძლოა, ეს ერთი მხრივ იყოს გადაფარვა ბახმუტში თავისი მარცხისა და კრახისა. შესაძლოა, ეს იყოს ასევე პასუხი გუშინდელი ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ ახალ მეთერთმეტე პაკეტის სანქციების მიმართ... ბევრი რამე შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენთვის, რაც მთავარია, ეს არის პირდაპირი პროვოკაცია ჩვენი საზოგადოების გამოწვევისთვის და ჩვენს ხელისუფლებას ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს.

ეს უთუოდ გამოიწვევს დაძაბულობას პარტიებს შორის, თორემ დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაში ეს ძალიან დიდ რეაქციას გამოიწვევს, რომელსაც ძალიან კარგად ესმის, რომ როდესაც რუსეთ ასეთ ნაბიჯებს დგას, ის თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

სამწუხაროა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ გაიგო და არ დაფიქრებულა გასულ ისტორიასა და იმ მაგალითებზე, რომლებიც არსებობს, რომ რუსეთი ხელისუფლება დათმობებზე არასოდეს დათმობით არ პასუხობს, პასუხობს იმით, რაც მდგომარეობას უფრო ართულებს, ეს ქცევა მუდმივია და ამაზე ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს, დროა შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო საჯაროდ და განიხილონ რუსეთისთვის სამთვიანი ვიზების დაწესება, რომელიც ჩვენთვის საჭიროა თუნდაც შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე. სახელმწიფოს მხრიდან მეტი კონტროლია საჭირო იმ რუსების მიმართ, რომლებიც შემოდიან და რჩებიან ქვეყანაში. აუცილებლად მისაღებია რაღაც ზომები, რომ ყველაფერი ცივილიზებულ ჩარჩოებში ჩაჯდეს. ჩვენ ტოლერანტი ქვეყანა ვართ და ყველას ვიღებთ, ეს ბოლო ერთმა წელმაც ცხადყო, მაგრამ არის რაღაცეები, რაც ქვეყანაში არ შეიძლება მოხდეს, მაგალითად რუსულენოვანი ბაგა-ბაღების გახსნა. არ შეიძლება არ დაწესდეს კონკრეტული ზომები სხვადასხვა პროფესიებზე, ეს იქნება ტაქსის მძღოლების თუ გიდების ლიცენზირება და ბევრ სხვა პროფესიაზე. ეს ჩვენი საზოგადოების დაცულობაა და სწორი პასუხია დღევანდელ პროვოკაციაზე.

ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები რუსეთისგან, ვითომ რაღაც დათმობა. ეს არის საქართველოს ღირსების დაცვა, რომ ჩვენ ყველასგან განსხვავებით არ დავიწყოთ ახალი ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც ყველაფერს გაგვირთულებს თუნდაც ჩვენი ქვეყნის დაცვას, იმ ბრალდებების მიმართ რაც სანქციების გვერდის ავლის შესახებ ისმის. ჩვენ არ უნდა შექმნას ისეთი სიტუაცია, რომ ეს ბრალდებები გაძლიერდეს და ჩვენ ვერ დავიცვათ თავი ამ ბრალდებებისგან.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, მოუსმინოს ხალხის ხმას, დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამ საკითხთან მიმართებით ერთიანი, ეს არის კიდევ ერთი რაც შესაძლოა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას შეეწინააღმდეგოს და მე ეს მაფიქრებს. უმთავრესი ის არის, რომ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, ღირსებას, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად დგას ჩვენი ქვეყანა, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია და სოლიდარულია ჩვენი უკრაინული მეგობრების. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა.

დარწმუნებული ვარ, თუ სხვანაირად მოხდება რამე, საზოგადოებას ამაზე პასუხი ექნება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები