ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური აცხადებს, რომ DRG-სისტემასთან დაკავშირებით რეკომენდაციები არის, თუმცა გლობალური პრობლემა არ დაფიქსირებულა, სწორედ ამიტომ გადაწყდა მისი გაფართოება.
საკითხზე ღუდუშაურმა პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, DRG-ის მოდელზე გადასვლისას ითქვა, რომ პირველ ეტაპზე, კვარტალში ერთხელ ტარიფები აუცილებლად გადაიხედებოდა.
„ჩვენ არ გვქონდა მოლოდინი, რომ ყველა ტარიფი იდეალური იქნებოდა. საერთოდაც, DRG-სისტემა თავისი არსით ნიშნავს, რომ ეტაპობრივად, ტარიფები აუცილებლად უნდა გადაიხედოს, რადგან დანახარჯები სამედიცინო დაწესებულებებს ყოველთვის ეცვლება. ამასთან ერთად იცვლება მეთოდოლოგია მკურნალობის, შედეგად კი, ზოგ შემთხვევაში ხარჯები იზრდება, ხოლო ზოგ შემთხვევაში - მცირდება. შესაბამისად, ეტაპობრივი გადახედვა აუცილებელია. ამიტომ, დღემდე განფასებული ხუთასამდე კოდიდან 90 ტარიფი უკვე შეიცვალა და სამჯერ მოხდა ტარიფების გადახედვა. განგრძობით რეჟიმში ჩვენ ყოველთვის გპირდებით მიმდინარეობას. აგვისტოში ჩვენ შემოვიღეთ სისტემა, სადაც კლინიკები დეტალურად გვიგზავნიან ხარჯებს, რა ხარჯებიც კონკრეტული პაციენტის მკურნალობასთან არის დაკავშირებული და დამატებითი საშუალება გვეძლევა, რომ ანალიზი გავაკეთოთ. ამ ორი თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები და მნიშვნელოვნად პრობლემური კოდები არ გამოვლენილა.
სულ არის საუბარი რეანიმაციაზე და კომბინირებულ ოპერაციებზე, თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც კლინიკის ხელმძღვანელობამ, ასევე სამედიცინო პერსონალმა, რომელიც ჩართულია პროცესში, იცოდეს, რომ DRG-სისტემა ნიშნავს, რომ კონკრეტულ დიაგნოზზე საშუალო დანახარჯი ანაზღაურდება. ზოგიერთი შემთხვევა ძვირად ღირებული იქნება, ზოგიერთი შემთხვევა იმას, რასაც ავანაზღაურებთ, სრულად არ დაფარავს, თუმცა საშუალოდ, სტატისტიკით უნდა გამოვიდეს ის სწორი და ნორმალური მოგებიანობის მარჟაც და ხარჯების ანაზღაურებაც, რაც სახელმწიფომ უნდა აანაზღაუროს. საუბარი იყო, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში ვაპირებთ DRG-ის გაფართოებას, კოდები ემატება და გიდასტურებთ, რომ რამდენიმე კოდთან დაკავშირებით ცვლილება იქნება მთლიან ცვლილებასთან ერთად, თუმცა გლობალურ ცვლილებას არ ველოდებით. ჩვენ არ ვართ მარტო, ამ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებისას, გვეხმარება ჯანმო, ექსპერტები მსოფლიო ბანკიდან, რომლებიც კონკრეტულად, კოდების დონეზე აკეთებენ ანალიზს, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი. არის რეკომენდაციები, რომლებსაც მივყვებით ცვლილებებში, რომელსაც ვახორციელებთ, თუმცა გლობალური პრობლემა არ დაფიქსირებულა და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ DRG-სისტემა გავაფართოოთ“, - განმარტა ილია ღუდუშაურმა.