მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენ არ შევზღუდავთ და არ ჩავერევით უნივერსიტეტის ავტონომიურობაში - გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერთების შემდეგ, „ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრი ირწმუნება, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტონომიურობაში არ ჩაერევა და რეორგანიზაციის პროცესი დამოუკიდებლად წარიმართება.

გივი მიქანაძე „იმედის“ ეთერში ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით ინიციირების მიზეზებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ კანონში ცვლილებების მიღება უნივერსიტეტის რეორგანიზაციის დაწყების საფუძველი უნდა გახდეს.

„შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე შეიქმნება დროებითი მმართველი ორგანო - საბჭო. ასევე დაინიშნება დროებითი რექტორის მოვალეობის შემსრულებელი და რექტორის მოადგილეობის მოვალეობის შემსრულებლები და უნივერსიტეტის ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, ისინი დამოუკიდებლად განახორციელებენ რეოგრანიზაციას. სწორედ ეს მმართველი ორგანო იქნება პასუხისმგებელი განახორციელოს ყველა ის აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას. ჩვენი პრინციპია და ამაზე ჩვენ მაქსიმალურად ყურადღებით ვიქნებით ჩართული, რომ იმ ფარგლებში, რაც კანონმდებლობით გვაქვს მოცემული და არავითარ შემთხვევაში ჩვენ არც შევზღუდავთ და არც ჩავერევით, იმიტომ რომ ეს ჩვენს პრინციპებს ეწინააღმდეგება, რომ უნივერსიტეტის ავტონომიურობაში რაიმე ფორმით ჩავერიოთ, მაგრამ მთავარი პრინციპი ის იქნება, რომ ყველა ფაკულტეტი მაქსიმალურად შენარჩუნდება "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის" პრინციპის უზრუნველყოფით. რაც მთავარია პროფესორ მასწავლებლები გააგრძელებენ თავის საქმიანობას, ეს იქნება აკადემიური, სამეცნიერო-კვლევითი თუ კონკრეტული ადმინისტრაციული პოზიციების დაკავების კუთხით.

ეს ამომავალი პრინციპია, ისევე როგორც ჩვენ კვოტების კუთხით ვთქვით, რომ რამდენიმე კვირაში მივმართავთ მთავრობას შესაბამისი დადგენილებით და მთავრობა განიხილავს. ამით საშუალება მოგვეცემა, რომ საზოგადოება დარწმუნდეს, რომ არც კვოტები მცირდება და ამ რეოგრანიზაციის პროცესით, რომელიც თებერვლის ბოლოდან - მარტიდან დაიწყება, დაინახავენ, რომ აკადემიური პერსონალი, რომელიც დღეს ორივე უნივერსიტეტში მოღვაწეობს, გააგრძელებენ თავის საქმიანობას და უნივერსიტეტის წიაღში დარჩებიან“, - განმარტა მიქანაძემ.

კითხვაზე - როგორ განისაზღვრება წამყვანი პროფესორების შერჩევის კრიტერიუმები, განათლების მინისტრი აცხადებს, რომ ეს სიახლე საზოგადოებას ჯერ კიდევ კონცეფციის წარდგენისას გააცნეს. მიქანაძე ამბობს, რომ დროებითი მმართველ ორგანო პროფესორების შერჩევის კრიტერიუმებს განსაზღვრავს.

„რომ წარმოვიდგინოთ კათედრის ხელმძღავანელები, რომლებსაც ძალიან მაღალი კვალიფიკაცია და ცოდნა აქვთ კონკრეტული დარგის და სფეროსი. რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდება მმართველი ორგანოს მიერ შესაბამისი კრიტერიუმების განსაზღვრა, რომლის საფუძველზე გამოცხადდება კონკურსი და ამ კონკურსის საფუძველზე, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა შევარჩიოთ ის პროფესორები, რომლებიც უნივერსიტეტში კონკრეტულ მიმართულებებს და დარგებს უხელმძღვანელებენ. შესაბამისად, ეს პროცესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყება. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა დავაკვირდეთ ამ პროცესს და ვნახავთ, რომ ის ადამიანები, რომელთა შერჩევა უნდა მოხდეს ღია-საჯარო კონკურსის საფუძველზე, მათ კომპეტენციაზე, გამოცდილებაზე, კეთილსინდისიერებასა და მათ უნივერსიტეტში სრულ ინტეგრაციაზე იქნება ყურადღება გამახვილებული. ერთი ამომავალი პრინციპი რაც არის ჩვენთვის ძალიან ღირებულია, რომ ის პროფესორები, რომლებიც წამყვანი პროფესორის პოზიციაზე იქნებიან შერჩეული, მთელი თავისი ჩართულობა მხოლოდ ამ უნივერსიტეტში უნდა უზრუნველყონ. ამიტომ მათი შერჩევის შემდეგ, ჩვენ განვუსაზღვრავთ მაღალანაზღაურებად ხელფასებს, რომელიც ჩვენ წინასწარ დავააანონსეთ. იმისთვის რომ ამ ადამიანებს არ ჰქონდეთ საჭიროება და არც ექნებათ შესაძლებლობა სხვადასხვა უნივერსიტეტებში ჩართვის, რათა მათ მთელი თავისი დრო სალექციო და აკადემიური საქმიანობა, სტუდენტებთან მუშაობა, სახელმძღვანელოების შემუშავება, სტატიების წერა და ა.შ. უზრუნველყონ და იმ ხარისხოვრივ მაჩვენებელზე მოახდინონ გავლენა, რომელიც ამ რეფორმის მიზანია“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები