ჩვენ არ ვახდენთ სტიგმატიზებას, ჩვენ ვაკრიტიკებთ,- ასე უპასუხა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა, თეოდოროს რუსოპულოსმა შალვა პაპუაშვილს, რომელმაც PACE -ის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე, ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით თქვა, რომ შიდა და გარე აქტორებმა განახორციელეს მისი სტიგმატიზება.
სხდომაზე პაპუაშვილი ონლაინ ჩაერთო და განცხადება გააკეთა, რის შემდეგაც თეოდოროს რუსოპულოსმა უპასუხა, რომ PACE-ს შეუძლია გააკრიტიკოს წევრი ქვეყანა, როდესაც არსებობს რისკები, რომლებიც ასამბლეის პრინციპებს ემუქრება.
„მოკლე განცხადებას გავაკეთებ. თქვენ ორი სიტყვა, სტიგმატიზაცია და კრიტიკა გამოიყენეთ. ჩვენ არ ვახდენთ სტიგმატიზებას, ჩვენ ვაკრიტიკებთ. ყველამ ვიცით, რომ ამ ორგანიზაციას, რომელიც წელს 75 წლის იუბილეს აღნიშნავს, შეუძლია გააკრიტიკოს თავისი წევრი ქვეყნები, როდესაც ასამბლეა თვლის, რომ ჩვენ პრინციპებს საფრთხე ემუქრება“,- თქვა თეოდოროს რუსოპულოსმა.