საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წარმოდგენა არ აქვს რა თანხა შეუჩერა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ბიუჯეტს 95 მლნ დოლარის სახით. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა რაჭაში ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ის ამბობს, რომ დღემდე დეტალური განმარტება არ გაუკეთებია არც აშშ-ს საელჩოს საქართველოში. პაპუაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის ბიუჯეტს ქართველი ხალხი ავსებს და საქართველო დოტაციაზე მყოფი ქვეყანა არაა.
„წარმოდგენა არ მაქვს რა თანხაა ეს. ეს ბიუჯეტის თანხა არ არის, ნამდვილად ეს თანხა ბიუჯეტში არ მიდიოდა. საქართველოს სახელმწიფო მოქმედებს საკუთარი ბიუჯეტით, რომელსაც ქართველი ხალხი ქმნის. ჩვენ არ ვართ სხვა ქვეყნების დოტაციაზე მყოფი მაჩანჩალა ქვეყანა. რამდენადაც ვაკვირდები, დღემდე განმარტება არ გაკეთებულა, რა თანხაა საერთოდ ეს. სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა საკუთარი მოქალაქეების წინაშე, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვქმნით დოვლათს და ბიუჯეტს ვავსებთ მოქალაქეები და სახელმწიფო სწორედ ამ ბიუჯეტით ზრუნავს ყველა იმ წინსვლაზე, რაც ჩვენს სახელმწიფოს აქვს.
თუკი უცხო ქვეყანას უნდა, რომ ამ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანოს, მისასალმებელია და ყოველთვის, პირიქით, მადლიერები ვართ ნებისმიერი გვერდში დგომისთვის, თუმცა ბოლო პერიოდი ისეთი აღქმა რჩება, რომ ვიღაცას მეგობრობა ზეწოლის ინსტრუმენტი ჰგონია. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი მიდგომა, მათ შორის, როცა ვნახეთ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც ჩვენ გადავარჩინეთ ევროკავშირის მისია ცენტრალურ აფრიკაში, ამის შემდეგ კიდევ ასეთი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არის საკვირველი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
31 ივლისს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობისთვის $95-მილიონიან დახმარებას შეაჩერებს, რაც საქართველოსთან ურთიერთობათა გადახედვის გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება. რობინ დანიგენი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მის ანტიდემოკრატიულ კურსს შეიცვლის და ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე სიარულს კვლავ გააგრძელებს.
სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან შეჩერებულ დახმარებაზე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა პირველი კომენტარი პირველ აგვისტოს გააკეთა. დიპლომატმა განმარტა, რომ გაჩერდება მხოლოდ ის დახმარება რომელსაც საქართველოს მთავრობა იღებდა, ხოლო ის პროგრამები, რომლებიც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობის, მცირე მეწარმეობის განვითარებისა თუ განათლების მიმართულებებს მოიცავს შეუფერხებლად გაგრძელდება. ასევე გაგრძელდება აშშ-ის დახმარება საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართ.