ბაქო-სუფსის მილსადენის დატვირთვა იმაზე მიუთითებს, რომ ყაზახეთიდან დამატებითი რესურსების გადმოტვირთვის შესაძლებლობა გაჩნდა - ამის შესახებ BMG-სთან რეგიონული ენერგეტიკისა და ტრანსპორტის საკითხებში ექსპერტი ლიანა ჯერვალიძე აცხადებს.
მისი თქმით, ყაზახეთიდან ნავთობის გადმოტვირთვის საკითხის გადაწყვეტა მნიშვნელოვანია, რადგან აქამდე, მის ტრანსპორტირებაში ბევრი პრობლემა იყო - მათ შორის კასპიის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ტანკერებით გადმოზიდვა გართულებული იყო და ა.შ.
„მართალია, ეს ჩვენ არ გაგვამდიდრებს - არ გვაქვს ძალიან მაღალი სატრანსპორტო ტარიფები, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის გეოპოლიტიკური პოზიციონირებისთვის - იმისთვის, რომ ჩვენ უსაფრთხო სატრანზიტო ქვეყანა ვიყოთ.
უნდა იფიქრო, რომ თუ რესურსების გადადინება ხდება, შენ საინტერესო ხარ და თუ აღარ - ე.ი. შენი სატრანზიტო პოზიციონირება საფრთხის ქვეშაა. ამიტომ, მე ძალიან მაწუხებდა, რომ ბაქო-სუფსა არ იყო დატვირთული და არც მესმოდა იმ საფრთხის არსი, რის გამოც ნავთობსადენი გაჩერებული იყო.
როგორც კი რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, კონსორციუმმა მაშინვე საფრთხედ ჩათვალა ეს ომი და ამ მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება შეწყვიტა. მაშინ, როდესაც თურქეთსა და რუსეთს შორის უწყვეტად მიდიოდა გაზი, რატომ უნდა შეშლოდა ხელი მაინცდამაინც ბაქო-სუფსის, ეს ჩემთვის გამოცანა იყო.
ამიტომ, ძალიან მიკვირდა, რომ ბაქო-სუფსა ამდენ ხანს გაჩერებული იყო - ამ ვითარებაში, როდესაც ნავთობზე ასეთი ამბავია. ახლა, როგორც იქნა, ეს საკითხი გადაწყდა“ - აცხადებს BMG-სთან ლიანა ჯერვალიძე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია დამატებითი გაზის საკითხებზე მიღწეული შეთანხმებაც.
„დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგი კონტრაქტის მიღების შესაძლებლობა გვექნებოდა, გამომდინარე იმ გეოპოლიტიკური ვითარებიდან, რაც ახლა არის და იმ ურთიერთობებიდან, რაც ჩვენ აზერბაიჯანთან გვაკავშირებს.
ჩვენ და აზერბაიჯანი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ვართ ერთმანეთისთვის. ის არის ჩვენი კარიბჭე ცენტრალურ აზიაში - ჩვენ ვართ მისი კარიბჭე დასავლეთში. ჩვენ გადაბმულები ვართ - აქ ვერ მოხდება, რომ ერთი იყოს კმაყოფილი და ბედნიერი და მეორე - არა.
ალიევი ძალიან სერიოზული ლიდერია, ხოლო აზერბაიჯანი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა ჩვენთვის, იმიტომ რომ კასპიაზე ჩვენ აზერბაიჯანის გავლით გავდივართ, როგორც აზერბაიჯანი გადის ჩვენი საშუალებით თურქეთსა და შავ ზღვაზე“ - აცხადებს ლიანა ჯერვალიძე.
18 მაისს ცნობილი გახდა, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულება კიდევ 20 წლით გააგრძელეს. შეთანხმება ორ ქვეყანას შორის გაფორმებული ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორის დოკუმენტების პაკეტის ნაწილია და სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, "დამატებითი გაზის" შესახებ აზერბაიჯანთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის სრული მოცულობა საქართველოს სოციალური გაზის სექტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული.
ბაქო-სუფსის მილსადენი კი, 2022 წლიდან, რეგიონში შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარების გამო, ძირითადად გაჩერებულია. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანთან მიღწეული შეთანხმებით მილსადენი ამუშავდება. საოპერაციო შეთანხმების ძირითად პირობებს (Operating Agreement Heads of Terms) აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიას (SOCAR), „SOCAR Midstream Operations LLC“-სა (SMO) და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ (GOGC) შორის ხელი მოეწერა. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის საქართველოს მონაკვეთის, მათ შორის სუფსის ნავთობტერმინალისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის პირობებს.




























