ჩვენ ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის და ეს მზადება სწორედ ვაქცინაციის პროცესის წარმართვაა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ახალი თამამი ნაბიჯების გადადგმისთვის მნიშვნელოვანი როლი ექნება ვაქცინაციას.
„ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად იმოქმედებს იმაზე, რომ ჩვენ შევძლებთ მეტად უფრო თამამი ნაბიჯი გადავდგათ, თუმცა, მნიშვნელობა ექნება ვაქცინაციის პროცესაც და იმუნიტეტის ჩამოყალიბებასაც. როდესაც თამამი ნაბიჯების რეკომენდაცია შეიძლება ჯანდაცვის სამინისტრომ გასცეს, ამასაც გარკვეული დრო ესაჭიროება, ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის და ეს მზადება სწორედ ვაქცინაციის პროცესის წარმართვაა“, - აღნიშნა ტიკარაძემ.
ხოლო კითხვაზე, რამდენად უნდა ველოდოთ მესამე ტალღას, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ეს საზოგადოების ქცევაზე იქნება დამოკიდებული.
„თითოეული ტალღის განვითარება დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე. ჩვენ ვაფრთხილებთ მოსახლეობას რომ მნიშვნელოვნად არის შეცვლილი ის ეპიდემიოლოგიური მონაცემები, რომელსაც ვაკვირდებით. გაზრდილია ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი, ასევე დადებითობის მაჩვენებელი, ასევე ჩვენ რამდენიმე რეგიონში გვაქვს საყურადღებო ნიშნული, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ კვლავ დაიცვას წესები, გამოიყენონ პირბადე, დაიცვა სოციალური დისტანცია, მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა და ვაქცინაცია“, - განაცხადა მინისტრმა.




























