ჩვენ ერთად 32 წელი მოვანდომეთ, რომ საქართველო ყოფილიყო ძლიერი და არა დამოკიდებული პარტნიორი - პარტნიორი მზარდი ეკონომიკით, ძლიერი საგანმანათლებლო სისტემით - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა "რადიო თავისუფლებას" ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა. მისი თქმით, აშშ ქართველი ხალხის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია.
"მიმდინარე წლის იანვრიდან მოყოლებული, მთავრობა შეუდგა: ანტიდემოკრატიული მოქმედებების წყების განხორციელებას, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და სხვა კანონების წარმოდგენისა და განხორციელების ჩათვლით, რომლებიც ეწინააღმდეგება აშშ-ისა და ევროკავშირის ღირებულებებს და შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან; აშშ-ის შესახებ უარყოფითი დეზინფორმაციის გაზრდას, მათ შორის ამ ქვეყანაში ჩვენი მოქმედებებისა და განზრახვების შესახებ.
ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვუცხადეთ მთავრობას, რომ იმ ქმედებებს მოჰყვებოდა შედეგები და მაისში სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა ჩვენი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ. სწორედ იმ ქმედებების გამო ჩვენ უკვე განვახორციელეთ ზოგიერთი ქმედება იმ იმედით, რომ მთავრობა შეიცვლიდა კურსს და დაუბრუნდებოდა გზას, რომელიც საქართველოს ხალხს აძლევს იმას, რაზეც ასე მკაფიოდ განაცხადეს, რომ სურთ. ეს არის დასავლეთთან ინტეგრირებული მომავალი: ახლო ურთიერთობა აშშ-სთან და ევროკავშირის წევრობა.
უნდა გავიმეორო, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამისი ხაზგასმა: აშშ არის ქართველი ხალხის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. ჩვენ ერთად 32 წელი მოვანდომეთ იმას, რომ საქართველო ყოფილიყო ძლიერი და არა დამოკიდებული პარტნიორი - პარტნიორი მზარდი ეკონომიკით, ძლიერი საგანმანათლებლო სისტემით. ხელი-ხელ ჩაკიდებული ვმუშაობდით საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რომ საქართველოს შეძლებოდა საკუთარი ტერიტორიის დაცვა შემდგომი აგრესიისგან.
ჩვენ ვართ საქართველოს უძლიერესი მხარდამჭერი, როცა საქმე ეხება მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი სწრაფვა, დავეხმაროთ საქართველოს ხალხს აიხდინოს თავისი ოცნება - გახდეს ევროკავშირის წევრი, დასავლეთის ნაწილი - არის უცვლელი. და კვლავ, მთავრობის სპეციფიკურმა მოქმედებებმა, ვფიქრობ, საქართველო, სამწუხაროდ, გადაიყვანა ამ გზიდან. არაფერი გვინდა იმაზე მეტად, ვიდრე მუშაობა ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან ამ ქვეყანაში, რომელიც ასახავს იმას, რაც ხალხს გაცხადებულად სურს", - განაცხადა ელჩმა.