გაერთიანებული სამეფოს ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ნიკ თომას-საიმონდსმა განაცხადა, რომ სპეკულაციები ბრიტანეთის ევროკავშირში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით ყალბია და რომ ქვეყანა წლების წინ დატოვებულ გაერთიანებასთან კვლავ მიერთებას აღარ განიხილავს.
ამასთან, თომას-საიმონდსმა ევროკავშირთა საერთო საბაჟო სისტემის შექმნა კატეგორიულად გამორიცხა. მომდევნო ორშაბათს ბრიუსელში დაგეგმილი სიტყვით გამოსვლის წინ, მინისტრმა აღნიშნა, რომ ლონდონი „აბსოლუტური პრაგმატიზმით“ იხელმძღვანელებს და ურთიერთობების გადატვირთვას ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებით ეცდება და არა ახალი ალიანსების ან ბლოკების ფორმირებით. მისი შეფასებით, წევრობის შესახებ დებატების განახლების სურვილი ბრიტანულ საზოგადოებაში არ არსებობს.
თომას-საიმონდსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა არ აპირებს „შეუსრულებელი დაპირებების“ გაცემას. როგორც ის აცხადებს, ხელისუფლება უარს იტყვის ორ მხარეს შორის დაახლოების თუნდაც ისეთ მოდელზე, როგორიც ევროკავშირს თურქეთთან ან ნორვეგიასთან აკავშირებს. როგორც უცხოური გამოცემა წერს, ეს განცხადება “ცივი შხაპი” აღმოჩნდა ლეიბორისტული პარტიის იმ ნაწილისთვის, რომელიც ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის საბაჟო კავშირში შესვლას მხარს უჭერდა. ისინი მოელოდნენ, რომ სტარმერის კაბინეტი, განსხვავებით კონსერვატორებისაგან, პრიორიტეტს ევროკავშირთან პრაგმატულ დაახლოებაზე გაამახვილებდა, თუმცა, როგორც ირკვევა, ამის მზაობა პრემიერის კაბინეტში არ არსებობს. ევროპულ საქმეთა მინისტრის თქმით, ბრიტანეთის ეროვნული ინტერესი ახლა არა წარსულში დაბრუნება, არამედ კვების პროდუქტების, სასმელებისა და ახალგაზრდების გადაადგილების საკითხებზე ახალი შეთანხმებების მიღწევაა.




























