მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ჩვენ გავჩერდით”- რა ტენდენციებია ფეროშენადნობების სექტორში?

ილია

საქართველოში ფეროშენადნობთა მწარმოებელი მცირე და საშუალო კომპანიების ნაწილმა მუშაობა შეაჩერა. დარგის წარმომადგენლების განცხადებით, საერთაშორისო ბაზარზე არსებული არასახარბიელო ფასებისა და ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის ფონზე, ოპერირება წამგებიანი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის იანვრიდან პროდუქციაზე ფასების მცირედი ზრდის ტენდენცია (საშუალოდ 100-150 დოლარით) შეიმჩნევა, დარგის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილება სექტორის კრიზისიდან გამოსაყვანად საკმარისი არ არის. AMB Alloys-ის აღმასრულებელი დირექტორი "საქმის კურსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მოთხოვნის მატება ძირითადად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებითა და ლოგისტიკური ჯაჭვების გართულებით არის განპირობებული, რამაც თურქეთიდან ქართულ ფეროსილიკომანგანუმზე მოთხოვნა გაზარდა, თუმცა არსებული ფასნამატი ვერ აბალანსებს გაზრდილ საწარმოო ხარჯებს.

სექტორისთვის უმთავრეს პრობლემად ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი რჩება. ილია გოგსაძის განმარტებით, სემეკის გადაწყვეტილებით, რომელიც ძალაში პირველ აპრილს შევიდა, 10 კილოვოლტ ძაბვის საფეხურზე განაწილების ტარიფი 7.48 თეთრით გაიზარდა.

ეკონომიკის სამინისტროსთან, ესკოსთან და სახელმწიფო ელექტროსისტემასთან კომუნიკაციის მიუხედავად, დარგმა ვერ მიიღო წვდომა შეღავათიან ჰიდრორესურსებზე, რაც გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ტრადიციული პრაქტიკა იყო. შედეგად, მაისის ბოლოს რუსთავში მოქმედმა საწარმომ ფუნქციონირება შეაჩერა. მსგავს მდგომარეობაშია სხვა მცირე მწარმოებლებიც, რომელთა წარმადობა თვეში 500-დან 1000 ტონამდეა. არსებული ვითარების გამო, კომპანიებმა, რომლებიც მუშაობის განახლებას გეგმავდნენ, პროცესი გაურკვეველი ვადით გადადეს.

“მოლოდინები იმის თაობაზე, რომ მიგვეღო სეზონურად მაინც შეღავათიანი ელექტროენერგია ჭარბი ჰიდრორესურსების პირობებში, სამწუხაროდ არ გამართლდა. ჩვენ წვდომა არა გვაქვს იაფ ჰიდრორესურსებზე, რომელიც დარგს სასიცოცხლოდ წაადგებოდა და სასიცოცხლოდ სჭირდებოდა.

განვლილი პრაქტიკიდან გამომდინარე, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ჭარბი ჰიდრორესურსების პირობებში გარკვეული რესურსი ნაწილდებოდა ფეროშენადნობების მწარმოებელ კომპანიებზე, რაც რეალურად წარმოადგენდა ხელშეწყობას და ეს იყო აუცილებელიც იმისათვის, რომ დარგი გადარჩენილიყო. იქიდან გამომდინარე, რომ იაფ ელექტროენერგიაზე წვდომა სამწუხაროდ ვერ მივიღეთ, იძულებული გავხდით შეგვეჩერებინა მაისის ბოლოს საქმიანობა, საწარმოო პროცესი, რაც ძალიან უარყოფითი მოვლენაა ჩვენი კომპანიისათვის.

ეს მარტო ჩვენ კომპანიას არ ეხება. ეხება ყველა იმ კომპანიას, რომელსაც 10 კილოვოლტ ძაბვის საფეხურზე გააჩნია მიერთების წერტილები. სემეკის გადაწყვეტილებით 2026 წლის 1 აპრილიდან მოხდა განაწილების ტარიფის ზრდა, რაც ამ ძაბვის საფეხურზე შეადგინა 7.48 თეთრი. ეს იმ პირობებში, როდესაც ტარიფის გაზრდამდე არსებულ სიტუაციაში სექტორს უჭირდა ოპერირება. შესაბამისად, მარტივი წარმოსადგენია რა ნეგატიური ეფექტი მოჰყვებოდა გაზრდილი ტარიფის პირობებში ჩვენს საქმიანობას და სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ ჩვენ საქმიანობა შევაჩერეთ. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა მოთხოვნის ზრდის პირობებში ფასები გაიზარდოს პროდუქციაზე, ამან შეიძლება გააჩინოს დამატებითი შესაძლებლობები, რომ დარგი ამოქმედდეს, რაც მომავლის საკითხია. არსებული რეალობა ის არის, რომ ჩვენ გავჩერდით.

ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ და შესაბამისი კომუნიკაცია გვქონდა ეკონომიკის სამინისტროსთან და შესაბამისად იმ პროფილურ ენერგოკომპანიებთან, რომელთანაც ჩვენ საქმიან ურთიერთობები გაგვაჩნია. ეს არის სახელმწიფო ელექტროსისტემა, ეს არის ესკო. გვაქვს მცდელობები, რომ რაღაცნაირად მოიძებნოს გამოსავალი ამ სიტუაციაში, თუმცა რეალობა ისეთია, რომ სტატუს-კვო ამ ვითარებაში უცვლელია.

ჩვენს მსგავს კომპანიებს ნამდვილად სერიოზული გამოწვევები აქვს ამ სიტუაციაში. ყველაზე დიდი ნეგატიური ფაქტორი და გამოწვევა ეს კვლავ რჩება შედარებით დაბალი ფასი, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციაზე ფასებმა მოიმატა, მაგრამ ეს არ არის ის მოცემულობა, რომელიც ბიზნესს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა.

პროდუქციაზე არსებული ფასების პირობებში სემეკის გადაწყვეტილებამ ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით შექმნა ის მოცემულობა, რომ ის კომპანიები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ შეიძლება განეახლებინათ საქმიანობა, შეაჩერეს ეს ინიციატივები, ანუ ამუშავების თვალსაზრისით გადაიდო მათი ეს გეგმები, რაც ეკონომიკური, მაკროეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან ნეგატიური მოვლენაა, რადგან ახალი სიმძლავრეები შეიძლებოდა ჩართულიყო ამ სექტორში.

ვფიქრობ, რომ შესაბამისი ყურადღება უნდა იქნეს სათანადო უწყებების მხრიდან გამოხატული, რომ დარგის სიტუაცია გაუმჯობესდეს”,-აცხადებს ილია გოგსაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები