„2024 წელს, საქართველოს ტურიზმის გლობალური სექტორისთვის ისეთი გამორჩეული ღონისძიება ჩატარდება, როგორიცაა „მსოფლიო ტურიზმის დღე“, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტურიზმისა და ავიაციის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისივე ცნობით, საქართველო ტურიზმისა და ავიაციის სექტორის წამყვან ლიდერებს უმასპინძლებს და კიდევ ერთხელ მოექცევა საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიის ეპიცენტრში.
„ქვეყანა ტურიზმისა და ავიაციის სექტორის წამყვან ლიდერებს უმასპინძლებს და კიდევ ერთხელ მოექცევა საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიის ეპიცენტრში. გარდა ამისა, საქართველო საქმიანი ტურიზმის მნიშვნელოვან ფორუმს m&i 2024-ს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპიდან მიიღებენ. ეს ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგის გაუმჯობესებას, საქმიანი ტურიზმის კუთხით. ამასთან, მიმდინარე წელს, ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად კომპლექსური აქტივობებია დაგეგმილი, რომლებიც მიმართულია ახალი სამიზნე ბაზრებისკენ, როგორიც არის ჩინეთი, აშშ, ინდოეთი და სხვა. ეს აქტივობები, საქართველოს პოპულარობას გაზრდის და ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის შემდგომ განვითარებას ხელს სერიოზულად შეუწყობს.
საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ჩვენ გვაქვს ძალიან პატარა, მაგრამ მრავალფეროვანი ქვეყანა, შესაბამისად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ახალი ტურისტული ადგილები ჩვენს ქვეყანაში განვავითაროთ. ასევე ყველაფერი გაკეთდება საქართველოდან პირდაპირი ფრენების დასანიშნად. ყველაფერი თანმიმდევრულად და კარგად გააზრებული პოლიტიკის შესაბამისად გაკეთდება, როგორც ეს აქამდე კეთდებოდა,“-აცხადებს კობახიძე.