მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, სადაც არის სამართლიანობა - კალაძე

ივანიშვილი კობახიძე კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უსამართლო დამოკიდებულებაა და საქართველოს ხელისუფლების ერთგვარი დასჯა იმის გამო, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი არ გაიხსნა.

მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ უნდა ისეთი ევროპა, სადაც სამართლიანობაა და დარწმუნებულია, რომ ეს დამოკიდებულებაც მალე შეიცვლება.

"წარმოუდგენელია ეს ფაქტი. რის გამო უნდა შეუზღუდონ დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანებს გადაადგილება ვიზის გარეშე თუ ვიზით? ჯერ თავადაც არ არიან ჩამოყალიბებული. წარადგინეს დოკუმენტი, რომელზე მუშაობაც უნდა დაიწყონ და როგორ დამთავრდება ეს მუშაობა, არავინ იცის. რის გამო უნდა დაგვასანქცირონ, რომ არ მივეცით შესაძლებლობა ქვეყანაში მეორე ფრონტი გაეხსნათ და სანქციებს არ მივუერთდით? ამით დავაზარალებდით ჩვეულებრივ ადამიანს, გლეხს, ბიზნესს, მცირე და საშუალო სექტორის წარმომადგენლებს. შემდეგ ეკონომიკა თავზე ჩამოგვეშლებოდა. ამიტომ არ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, დავიცავით ჩვენი ხალხისა და ეროვნული ინტერესები. ამის გამო თუ უნდა დავისაჯოთ, კი ბატონო. ეს არის უსამართლო დამოკიდებულება და არასამართლიანი პროცესები. ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რაზეც ოცნებობს თითოეული ქართველი, სადაც არის სამართლიანობა. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ეს დამოკიდებულებაც მალე შეიცვლება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, უნგრეთსა და სლოვაკეთს სამართლიანი დამოკიდებულება აქვთ.

"ევროკავშირში ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი ქვეყნები, რომლებიც დგანან სამართლიანობაზე და პრინციპული დამოკიდებულება აქვთ. უნგრეთი და სლოვაკეთი ჩვენი ქვეყნის მეგობარი ქვეყნები არიან, რომელთაც სურთ სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით",- თქვა კალაძემ.

ცნობისთვის, 16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. სხდომის დასრულების შემდეგ უმაღლესმა წარმომადგენლმა კაია კალასმა განაცხადა, რომ შედგა შეთანხმება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე და ევროკომისია წინადადებას უკვე წელს წარადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები