"ძალიან სამწუხაროა" - ასე აფასებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, თენგიზ ნასარიძე EU-ს მხრიდან საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვის 30 მლნ ევროს გამოყოფის შეჩერებას.
საქმე ის არის, საქართველო ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) მილიონობით ევროს ვეღარ მიიღებს. როგორც ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, 30 მლნ ევრო, რომლის გადარიცხვაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა, გაყინულია.
თენგიზ ნასარიძის თქმით, კონკრეტულად სოფლის მეურნეობის სექტორში ევროკავშირთან დაახლოება გრძელდება და მეტიც, უფრო დიდი ძალისხმევით მიმდინარეობს.
"შეუძლებელია, ის განცხადება, რაც დღეს ელჩმა გააკეთა, დადებითად შევაფასოთ. ძალიან სამწუხაროა. ვფიქრობ, ჩვენ არ გვაქვს არანაირი წინაპირობა, რომ ასეთ გადაწყვეტილებებზე ვისაუბროთ, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია და კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან სამწუხაროა.
რაც შეეხება ჩვენს დარგს, შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ აბსოლუტურად ჩვეულ რეჟიმში, შეიძლება ითქვას მეტი ძალისხმევითაც დაახლოების პროცესში ჩვენს აქტივობებს. ეს გულისხმობს როგორც კონკრეტული ნაბიჯების მიყოლას, ასევე ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების შეფასებასაც. თუ არ ვცდები, 2-3 კვირის წინ ჩვენთან იყვნენ ევროკავშირის შესაბამისი ექსპერტები, რომელთა მხრიდან მათი გამოხმაურება დადებითია და ეს ოფიციალურ დოკუმენტებშიც აისახება", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, არსებობს ასევე სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეადგინა ევრორეკომენდაციების სამოქმედო გეგმა, რაც სწორედ სოფლის მეურნეობის მიმართულებას შეეხება.
"კიდევ ვიმეორებ, ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ეს არის მათი გადაწყვეტილება. მე იმედი მაქვს, რომ გავა გარკვეული პერიოდი, ეს ნეგატიური ფონიც მოიხსნება, ჩენს მიერ გადადგმული ნაბიჯები შეფასდება ისევ დადებითად. რა თქმა უნდა, ეს ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სახელმწიფო თავისი ძალისხმევით და რესურსით საკმაოდ მძლავრია, რომ ვინმეს შეექმნას წარმოდგენა, რომ რომელიმე დონორის გადაწყვეტილება ქვეყანაში შეცვლის სოფლის მეურნეობის განვითარების ტემპს", - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
bm.ge-ის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა მისი ეს განცხადება იმას, რომ ევროკავშირის დახმარების გარეშეც საქართველო იქნება კარგად, ნასარიძე ამბობს, რომ "ჩვენ კარგად ვიცხოვრებთ, ყველა შემთხვევაში".
"ჩვენ, კარგად ვიცხოვრებთ ყველა შემთხვევაში. იმიტომ, რომ ვართ პასუხისმგებლობით განმსჭვალული ჩვენი მოსახლეობის მიმართ, ფერმერების მიმართ. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება თუ ყველა პარტნიორი იქნება იმ ძალისხმევის მონაწილე, რასაც სახელმწიფო იღებს ამ რთულ გეოპოლიტიკურ პროცესში", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და ყველას სთხოვს [დონორებს] ეს გაითვალისწინონ მათი შესაძლებლობის ფარგლებში.