მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხორბლის ადგილობრივი წარმოების გაზრდა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - თენგიზ ნასარიძე

ხორბალი შეხვედრა
23.04.24 14:05
98

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე ამბობს, რომ ხორბლის მოსავლიანობის გაზრდის მიმართულებით სახელმწიფო აქტიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.

სამინისტროს ინფორმაციით, თენგიზ ნასარიძემ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშესთან, რიშან ჩაუდრისთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც საქართველოში ხორბლის სექტორის განვითარების, მეხორბლე-ფერმერების მხარდაჭერის და სერტიფიცირებული სათესლე მასალის წარმოების საკითხებზე ისაუბრეს.

მინისტრის მოადგილემ ამერიკის მხარეს ხორბლის სექტორის გაძლიერებაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხორბლის ადგილობრივი წარმოების გაზრდა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

შეხვედრაზე მხარეებმა ხორბლის და ფქვილის იმპორტზეც გაამახვილეს ყურადღება და ამ კუთხით ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. USDA-ის სოფლის მეურნეობის ატაშეს განცხადებით, აშშ ყველა მიმართულებით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

„ყველაფერს რასაც ჩვენ ვაკეთებთ, საქართველოს განვითარებისკენ არის მიმართული. ამერიკა მუდმივად იყო და იქნება საქართველოს პარტნიორი და მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას. ორივე ქვეყნის ინტერესია, რომ საქართველო უფრო ძლიერი და განვითარებული იყოს“, - აღნიშნა რიშან ჩაუდრიმ.

პრესრელიზის მიხედვით, სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრას USDA-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

საქართველოსთვის ხორბლისა და ფქვილის მთავარი მომწოდებელი კვლავ რუსეთია. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ხორბლის იმპორტი სრულად და ფქვილის იმპორტის 97% სწორედ რუსეთზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ ხორბლის თვითუზრუნველყოფის 15%–დან 50%–მდე გასაზრდელად პროგრამის შემუშავება 2022 წელს დააანონსა. მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში განაცხადა, რომ უწყება ძალიან მალე, დარგის წარმომადგენლების და მეცნიერების ჩართულობით წარმოადგენდა პროგრამას, რომელიც ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების მნიშვნელოვან ზრდას სტიმულს მისცემს.

შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ამ პროგრამას ამერიკელების ხელშეწყობით შეიმუშავებდა. გასულ წელს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყოს, რომ მათი ინიციატივით და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით, კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა „საქართველოს ხორბლის სექტორის შეფასება“ განახორციელეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები