მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენ მაქსიმალურად შევავიწროებთ მადუროს და მის ნარკო-კარტელს" - აშშ

აშშ

გაეროს სპეციალურ სხდომაზე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ აშშ ვენესუელას რეჟიმს და ნარკო-ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ “კარტელ დე ლოს სოლესს” მაქსიმალურად შეავიწროებს. როგორც უოლცმა გამოსვლისას აღნიშნა, ნავთობით უმდიდრესი სამხრეთამერიკული სახელმწიფოს ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას ნარკოკარტელები და სანქცირებული ნავთობგადამზიდები აძლევენ.

შტატების შემდგომი დღეების, კვირებისა და თვეების პოლიტიკა მადუროს რეჟიმის ამ რესურსების გარეშე დარჩენა იქნება. უოლცმა დააკონკრეტა, რომ ამერიკის მთავრობა გამოიყენებს ყველა შესაძლო მექანიზმს, მათ შორის მაქსიმალურად გაამკაცრებს სანქციებს, გაახშირებს სანქცირებული ხომალდების დაკავებას, ნარკოტიკებით დატვირთულ კატერებს კი აღმოჩენისთანავე გაანადგურებს.

გაეროს სხდომაზე მაიკ უოლცის გამოსვლას კრიტიკულად გამოეხმაურნენ როგორც ვენესუელას, ისე რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები. ვენესუელას ელჩმა, სამუელ აკოსტამ ტრამპის ხელისუფლების მუქარა კატეგორიულად დაგმო და განაცხადა, რომ ის, რაც შტატებს სურს, სხვა არაფერია, თუ არა სუვერენული სახელმწიფოს რესურსების მიტაცება.

რუსეთისა და ჩინეთის ელჩებმა კი განაცხადეს, რომ საჭიროა ვითარების დეესკალაცია, ამასთან, აღნიშნეს, რომ თუ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია მიზანს მიაღწევს და ვენესუელას ხელისუფლებას ჩამოიშორებს, ეს საშიშ პრეცედენტს გააჩენს. პრეცედენტს, რომელიც სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებშიც შეიძლება განმეორდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები