"ჩვენ უნიკალური და მასშტაბური პროექტები გვაინტერესებს“ - ასე უპასუხა Kass Group-ის დირექტორმა ეკატერინე თორდიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, განიხილავს თუ არა ისრაელური საინვესტიციო კომპანია საქართველოს სხვა დაცულ ტერიტორიებში ინვესტირებას.
როგორც ეკატერინე თორდიამ აღნიშნა, საინვესტიციო ჰოლდინგი მუდმივად ეძებს ექსკლუზიურ შესაძლებლობებს და ამ მიმართულებით დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან კომუნიკაცია უკვე დაწყებულია.
მისივე თქმით, დაცული ტერიტორიების სააგენტო ახალ საინვესტიციო წინადადებებზე მუშაობს, რომლებსაც Kass Group-ი უახლოეს პერიოდში განიხილავს.
"სწორედ ახლა, ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის ფარგლებში, რომლის ინიციატორიც Kass Group-ია, ჩვენ ვისაუბრეთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან (თამარ ხახიშვილთან). ისინი გარკვეულ ახალ მიმართულებებსა და პროექტებზე მუშაობენ. უახლოეს მომავალში შევხვდებით და ამ შესაძლებლობებს დეტალურად განვიხილავთ", - განაცხადა ეკატერინე თორდიამ.
კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან საინვესტიციო პაკეტების წინასწარ მომზადება და ე.წ. „შეფუთვა“, Kass Group-ის დირექტორმა უპასუხა, რომ სააგენტოსგან მსგავს ინიციატივას მიესალმება.
"დიახ, სწორედ ეს წინადადება მივიღე ამ შეხვედრაზე, ძალიან დავინტერესდი და მეც ველოდები მათ ოფიციალურ შემოთავაზებას", - თქვა მან და იქვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე ჰოლდინგის მთავარი ფოკუსი წალკის პროექტზეა მიმართული, თუმცა ახალი შეთავაზებებისთვის ღია რჩებიან.
"ჯერჯერობით, ჩვენი სრული ყურადღება წალკის კანიონსა და მიმდინარე პროექტებზეა მიმართული, თუმცა ღია ვართ ნებისმიერი საინტერესო და მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად", - აღნიშნა ეკატერინე თორდიამ.
ცნობისთვის: მრავალპროფილურმა საინვესტიციო კომპანია Kass Group-მა, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან საქმიანობს, 10 წელიწადში, ₾120 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. ჰოლდინგის ყველაზე ცნობილი ობიექტია „კასს ლენდი - წალკის კანიონის რეზორტია”. კომპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმდინარე ინოვაციური პროექტი თბილისის ტელეანძის მოდერნიზაციაა - პროექტი პანორამული გადმოსახედების, ვიზიტორთა ცენტრისა და უნიკალური რესტორნის მოწყობას გულისხმობს. ტურისტული მიმართულების გარდა, საინვესტიციო ჰოლდინგის პორტფოლიო მოიცავს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდ და მაღალტექნოლოგიურ თეთრეულის სამრეცხაოს TLS-სს (Tbilisi Laundry Service), რომელიც მსხვილ სასტუმროებს ემსახურება. ასევე, ჰოლდინგი ფლობს თანამედროვე ბიზნესცენტრს თბილისის ცენტრში, დანელიას ქუჩაზე.




























