პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ძალიან დამაიმედებელია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 5-წლიანი პროგნოზი, 2029 წლის ჩათვლით, რომლის თანახმადაც, საქართველო მსოფლიოში მოწინავე იქნება ეკონომიკური ზრდით. მან ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით უსწრებს გაიანაა, რომელმაც ნავთობი აღმოაჩინა.
"ერთადერთი ქვეყანა, რომელიც გვისწრებს არის გაიანა, რომელმაც თავის ტერიტორიაზე ნავთობი აღმოაჩინა. ჩვენ ნავთობის გარეშე ვახერხებთ იმავეს, რასაც ეს ქვეყანა ახერხებს ნავთობის აღმოჩენის პირობებში.
რაც შეეხება ქვეყნის ბიუჯეტს, ქვეყნის ბიუჯეტიც გაიზრდება შესაბამისად. ჩვენ დაგვხვდა მხოლოდ 8.5 მლრდ ლარი ბიუჯეტი 2012 წელს, ანუ ამ კუთხითაც იყო უმძიმესი ვითარება. ჩვენ უკვე მოვახერხეთ და წელს, დაახლოებით, 28 მლრდ ლარს შეადგენს უკვე ბიუჯეტი და ჩვენი ამოცანაა, რომ 2028 წელს ბიუჯეტმა შეადგინოს 40 მლრდ ლარზე მეტი, ესეც რეალისტური ამოცანაა და ამაზეც ვართ პასუხისმგებლები საზოგადოების წინაშე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე ირწმუნება, რომ ქვეყანაში უმუშევრობა 2028 წლისთვის, 4%-ს ჩამოსცდება უმუშევრობა.
„რაც შეეხება უმუშევრობას - რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს გადათარგმნილი, პირველ რიგში, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში და აქ ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი არის დასაქმება, უმუშევრობა. უმუშევრობა იყო 26.7% 2012 წელს, ჩვენ უკვე მოვახერხეთ და გავანახევრეთ უმუშევრობა ამ წლების განმავლობაში საქართველოში, 14%-ზე ნაკლებია დღეს უმუშევრობა ქვეყანაში. 2028 წლისთვის, ჩვენი პროგრამის მიხედვით, 4%-ს ჩამოსცდება უმუშევრობა საქართველოში, რაც არის ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი. ეს ამოცანაც არის რეალისტური, 4 წლის თავზე, ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც ჩავაბარებთ ანგარიშს საზოგადოებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.