მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აბსოლუტურად რეალურია წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9%-ს გადააჭარბოს - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"აბსოლუტურად რეალურია, რომ ეკონომიკური ზრდის წლევანდელმა მაჩვენებელმა 9%-ს გადააჭარბოს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა და მოსალოდნელია, რომ 2025 წელსაც ეკონომიკური ზრდა ბიუჯეტით განსაზღვრულ 6%-ზე მაღალი იყოს და მან 9%-საც კი გადააჭარბოს.

„ეკონომიკა იზრდება, ჩვენ ძალიან დადებითი მაჩვენებლით დავასრულეთ გასული წელი 9-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა წლის განმავლობაში. იმედი გვაქვს, რომ სულ მცირე გავიმეორებთ იგივე შედეგს მომავალ წელსაც. შარშანდელი მაჩვენებელი იყო შარშანწინდელზე უფრო მაღალი. 2023 წელს ჩვენმა ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7,8% და შარშანწინდელს გადააჭარბა 2024 წლის მაჩვენებელმა. გვინდა, რომ წლევანდელი მაჩვენებელი იყოს კიდევ უფრო მეტად მაღალი, რისი პერსპექტივაც არსებობს.

იანვრის თვე არის საკმაოდ მაღალი ეკონომიკური თვალსაზრისით და კიდევ უფრო გავააქტიურებთ პროცესებს წლის განმავლობაში, შესაბამისად, აბსოლუტურად რეალურია ის, რომ წლევანდელმა ზრდის მაჩვენებელმა 9%-ს გადააჭარბოს. წინასწარი საბიუჯეტო საპროგნოზო მაჩვენებელი არის 6%, თუმცა თქვენ იცით, რომ ყოველთვის სერიოზულად ვაჭარბებდით ხოლმე წინასწარ მაჩვენებელს, მათ შორის სავალუტო ფონდის წინასწარ მაჩვენებელს, შესაბამისად, 9%-ზე უფრო მაღალი ზრდა არის რეალური მაჩვენებელი, დანარჩენი ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, რეგიონულ პროცესებზე, თუმცა 9%-ზე მაღალი ზრდა 2025 წელს, ეს არის აბსოლუტურად რეალური“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რადიკალურად განსხვავებულია საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის მოლოდინი 2025 წლის ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებით, რომლის დამფუძნებელმაც ნიკა გილაურმა გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა, რომ 2025 წელს საქართველოში ნულოვან ეკონომიკურ ზრდას ან 2%-იან რეცესიას პროგნოზირებენ, რაც "ქართული ოცნების" იზოლაციის პოლიტიკასა და მზარდ საერთაშორისო სანქციებს უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები