"მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ევროპაში ნამდვილად აქვს ღირსეული ადგილი, ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოს პროგრესი დადებითად შეფასდება", - აცხადებს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ან სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს განიხილავს და აღნიშნავს, რომ ეს ყველა ტრანსფორმაცია ევროინტეგრაციის მიმართ მტკიცე დამოკიდებულებას ასახავს, რის გამოც ევროკავშირისგან შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას ელიან.
"ყველა ტრანსფორმაციული პროექტები, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს, ასახავს მტკიცე დამოკიდებულებას ევროინტეგრაციის მიმართ, ევროპულ ერთა ოჯახში გაწევრიანება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის, ამას მოწმობს ჩვენი მთავრობის მიღწევები, როგორიცაა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი - ეს ყველაფერი ადასტურებს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს", - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.