უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ატილა შტაინერმა განაცხადა, რომ ქვეყანა რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებისაგან დათქმულ დროში ვერ გათავისუფლდება. მისი თქმით, უნგრეთს ალტერნატივა არ აქვს, რადგან არცერთ სახელმწიფოს მათი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობა არ აქვს.
“ჩვენ მიწით გარშემორტყმული ქვეყანა ვართ. არ გვაქვს თხევადი გაზის ტერმინალები, როგორც ზღვაზე გასასვლელის მქონე სხვა ქვეყნებს. ალტერნატიული მილსადენების შესაძლებლობები კი უკვე ბოლომდეა ათვისებული, შესაბამისად, რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება ჩვენი შეუცვლელი მოცემულობაა.” - აღნიშნა შტაინერმა.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უნგრეთს რუსული ნავთობისა და გაზის ჩანაცვლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა არ აქვს. ამასთან, მან ხორვატიასა და აზერბაიჯანზეც ისაუბრა, როგორც ალტერნატიულ იმპორტიორებზე. შტაინერმა თქვა, რომ არცერთი ალტერნატიული ქვეყნის მიერ მოწოდებული ენერგოპროდუქტები საკმარისი არ არის, ახალი მილსადენების აგებას კი წლები დასჭირდება.
უნგრული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალტერნატივის არსებობის შემთხვევაში ხელისუფლება ყველა შესაძლებლობას ბოლომდე აითვისებდა. ამ პოზიციის გასამყარებლად მან 2023 წლის სტატისტიკა მოიშველია, რომლის თანახმადაც, 2 წლის წინ რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულება 20%-ით შემცირდა. შტაინერმა განაცხადა, რომ გარე აქტორების, მათ შორის ევროკავშირისა და ამერიკის მხრიდან მომდინარე ზეწოლა უსამართლოა და არ ითვალისწინებს იმ გამოუვალ მდგომარეობას, რომელშიც ქვეყანა იმყოფება.




























