მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ სავალდებულო დაშვებას ვეწინააღმდეგებით და არა B2B ურთიერთობებს - "მაგთიკომი" MVNO-ების ქსელზე დაშვებაზე

მაგთი

კომპანია „მაგთიკომში“ აცხადებენ, რომ MVNO ოპერატორებთან მოლაპარაკებებისთვის მზად არიან, თუმცა ქსელზე მათ სავალდებულო დაშვებას კვლავ ეწინააღმდეგებიან.

როგორც „მაგთის“ კომერციულმა დირექტორმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ვირტუალურ მობილურ ოპერატორებთან მოლაპარაკებას კომუნიკაციების კომისიის მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები უშლიდა ხელს.

ნიკოლოზ დავითაშვილის განცხადებით, თუკი ქსელზე MVNO-ების სავალდებულო დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაცია გაუქმდება, კომპანია MVNO ოპერატორებთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

„ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ვიქნებით, რომ ნებისმიერ პოტენციურ MVNO კლიენტთან ვითანამშრომლოთ. ჩვენ ვეწინააღმდეგებით სავალდებულო დაშვებას და არა B2B ურთიერთობებს. კომუნიკაციების კომისიამ MVNO-ების სავალდებულო დაშვება პირველად 2019 წლის ბოლოს შემოიტანა. 2019 წლამდე ერთ კომპანიასაც ვერ ნახავთ, რომელსაც "მაგთისთვის" მიემართა და მაგთის უარი ეთქვა ან მოლაპარაკებებში არ შესულიყო. 2019 წლის რეგულაციის შემდეგ მთელი ეს პროცესი ასე მიმდინარეობს - პარალელურად სავალდებულო დაშვება, პარალელურად - მოლაპარაკებები. აქედან გამომდინარე, ვერცერთ კომპანიასთან მოლაპარაკება ვერ მოხერხდა. როდესაც კომპანიასთან B2B საუბრობ, კომისიის წნეხის ქვეშ არ უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი. როდესაც სავალდებულო დაშვება გაუქმდება, თუ იქნება რეალური ინტერესი რომელიმე კომპანიისგან, ჩვენ მზად ვართ, იმიტომ რომ ეს ორივე მხარისთვის მოგებიანი სერვისია და ჩვენ ამ მხრივ მოლაპარაკებისთვის მზარდ ვართ. თუმცა სანამ სავალდებულო დაშვების რეგულაცია იქნება, ეს ყველაფერი ძალიან რთული იქნება“, - განაცხადა ნიკოლოზ დავითაშვილმა.

ცნობისთვის, „მაგთიკომმა“ სასამართლოში კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის საფუძველზეც კომპანია მობილურ და ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორად გამოცხადდა და სპეციფიკური ვალდებულებები დაეკისრა. ვალდებულებებს შორისაა ასევე ქსელზე MVNO ოპერატორების სავალდებულო დაშვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები