მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენ სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება შევძელით - ირაკლი კობახიძე

მარიამ ქვრივიშვილი

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მთავრობამ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნება შეძლო. ამის შესახებ მან ფოთში ვიზიტისას ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის II კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 7.3% შეადგინა, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით უფრო მეტია, ვიდრე საქსტატის წინასწარ შეფასებაში წარმოდგენილი მაჩვენებელი. მიმდინარე წლის I კვარტალში კი ზრდა 9.8% იყო.

ირაკლი კობახიძის თქმით, განვითარების მაღალი ტემპის შენარჩუნება ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სიღარიბის შემცირებას უწყობს ხელს.

"ჩვენ მოვახერხეთ სწრაფი ტემპის შენარჩუნება ეკონომიკური განვითარების კუთხით. ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. სწორედ, ეკონომიკურმა განვითარებამ მოგვცა სხვადასხვა მიმართულებით მოსახლეობის, მათ შორის, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება. მაგალითად, 4 წელიწადში განახევრდა სიღარიბე და პირველად დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი - 9.4 %. რა თქმა უნდა, სწრაფი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, საშუალო ანაზღაურების ზრდას, სიღარიბის კიდევ უფრო მეტად შემცირებას და განსაკუთრებულად მოხარულები ვართ, რომ ფიქსირდება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ მალე დავუახლოვდეთ საშუალო ევროპულ სტანდარტებს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით,“- განაცხადა პრემიერმა.

აღსანიშნია, რომ II კვარტალში ეკონომიკური ზრდა მხოლოდ რამდენიმე სექტორზე არის კონცენტრირებული:

საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ეკონომიკის არაერთ სისტემურ დარგში ზრდა დაბალია - მაგალითად, ვაჭრობაში მატება მხოლოდ 1.5%-ია, ხოლო დამმუშავებელ მრეწველობაში კი 2%. ამასთან, რამდენიმე სექტორში ზრდის ნაცვლად წინა წელთან შედარებით შემცირებაა - კერძოდ მშენებლობის სექტორში კლება 2.6%-ია, ენერგეტიკაში 7%; სოფლის მეურნეობაში კი 2.5%.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ინფორმაციისა და კომუნიკაციის (IT სექტორი) იყო, რომლის ზრდაც 37% იყო. ასევე განსაკუთრებით მაღალი 28%-ის ტემპით გაიზარდა განათლების სექტორი, ხოლო აზარტული თამაშების სექტორი კი 16%-ით გაიზარდა. რომ არა ამ სექტორებში არსებული ზრდა მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5%-ზე დაბალი იქნებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები